weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველო იქნება ქვეყნების პირველ ათეულში, რომელიც კოვიდის აბებს მიიღებს – ცერცვაძე

16:13 შაბათი, 25 დეკემბერი 2021

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსულ აბებს მიიღებს. საუბარია Pfizer-ის მიერ წარმოებულ პაქსლოვიდსა და Merck-ის მიერ წარმოებულ „მოლნუპირავირზე“, რომლებსაც ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტომ (FDA) გადაუდებელი გამოყენებისთვის ნებართვა მიანიჭა.

„ერთ-ერთი მათგანი – „პაქსლოვიდი“ 89%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილობას, თუ მას დიაგნოზის დასმისთანავე მივცემთ პაციენტს, ხოლო მეორე – 30%-ით, მაგრამ ესეც კარგი საქმეა. ეს ტაბლეტირებულია და შეიძლება, ტესტს რომ გაგიკეთებენ, იქვე მოგცენ. 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მედიკამენტზე მოლაპარაკება დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა მისი არსებობა ან არავინ იცოდა, ან იცოდა ძალიან ვიწრო წრემ. მოხდა ისე, რომ ჩვენ სხვადასხვა არხით გავიგეთ ამ მედიკამენტზე მუშაობის საწყისი ეტაპების შესახებ, რომელიც ეფექტური უნდა ყოფილიყო. 

ამიტომ, თუ საქართველო ვაქცინების გრძელ რიგში იდგა და ბოლოს მივიღეთ ვაქცინები, აქ საქართველო იქნება ქვეყნების პირველ ათეულში, ვინც ამ პრეპარატს მიიღებს“, – განაცხადა ცერცვაძემ „ტვ იმედის“ ეთერში.

აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანომ „პაქსლოვიდს“ ავტორიზაცია 22 დეკემბერს მიანიჭა, ხოლო „მოლნუპირავირს“ – 23 დეკემბერს. 

„პაქსლოვიდის“ გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, კორონავირუსის დადასტურების შემდეგ იქნება ნებადართული. პრეპარატი განკუთვნილია 12 წელზე მეტი ასაკის, რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების სამკურნალოდ. იგი მიიღება სამი ტაბლეტის სახით დღეში ორჯერ ხუთი დღის განმავლობაში (ჯამში 30 აბი).

„მოლნუპირავირს“ არ არის ნებადართული 18 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში გამოსაყენებლად, რადგან შეიძლება გავლენა მოახდინოს ძვლებისა და ხრტილების ზრდაზე. „მოლნუპირავირი“ მიიღება ოთხი 200-მილიგრამიანი კაფსულის სახით, პერორალურად ყოველ 12 საათში ხუთი დღის განმავლობაში (ჯამში 40 კაფსულა). ის მუშაობს SARS-CoV-2 ვირუსის გენეტიკურ კოდში შეცდომების შეყვანით გზით, რაც ხელს უშლის ვირუსის შემდგომ გამრავლებას. „მოლნუპირავირიც“ ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მისი მიღება უნდა დაიწყოს COVID-19-ის დიაგნოზის დასმიდან რაც შეიძლება მალე. იგი გამოიყენება მოზრდილებში, რომლებიც იმყოფებიან დაავადების მძიმედ პროგრესირების, მათ შორის, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის, მაღალი რისკის ქვეშ და ვისთვისაც FDA-ს მიერ ავტორიზებული მკურნალობის სხვა საშუალებები არ არის ხელმისაწვდომი ან კლინიკურად შესაბამისი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]