weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ფოთის ყოფილ მერს ირაკლი კაკულიას 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

10:41 ორშაბათი, 27 დეკემბერი 2021

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ირაკლი კაკულია ქრთამის აღებისა და სახელმწიფო ქონების გაფლანგვის საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. დაცვის მხარე განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

7-7 წლით პატიმრობა მიესაჯათ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ უფროსს, ზური ყურუას და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსს, ლევან ჩოჩიას, ხოლო 2 წელით – მერის ყოფილ მოადგილეს, ნიკოლოზ გრიგოლიას.

ირალი კაკულიას ადვოკატის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. 

„საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში, ზოგადად სასამართლო პრაქტიკაში, არცერთ სასამართლო ხელისუფლებას ქრთამის აღების ფაქტზე არ დაუდგენია განაჩენი მხოლოდ ორი მოწმის ჩვენებით. არ არსებობს აუდიო, ვიდეო, წერილობითი ან სხვა სახის რაიმე, პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება და 8 წელი მიუსაჯო, დაპირისპირებებს შეწირულ, „ქართული ოცნების“ ღირსეულ წევრსა და ადამიანს – ირაკლი კაკულიას.

ირაკლი კაკულია ორი წელია გირაოთი თავისუფლებაში იმყოფებოდა და დღეს, ღამის პირველ საათზე, დისტანციურად, კომპიუტერით გამოგვიცხადა სასამართლომ განაჩენი“, – ამბობს ადვოკატი. 

ფოთის ყოფილი მერი ირაკლი კაკულია და მასთან ერთად რამდენიმე პირი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2019 წლის 8 ნოემბერს დააკავა. დაკავების დროს კაკულია საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. საქმე 2015-2017 წლებში, ქალაქ ფოთში, მალთაყვის უბანში, სანაპირო ზოლის რეაბილიტაციას ეხებოდა. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობისას, კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შესრულებული სამუშაოების აქტებში შეჰქონდათ ყალბი, გაზრდილი მონაცემები შესრულებული სამუშაოების მოცულობებთან დაკავშირებით, რა გზითაც, ისინი მოტყუებით ეუფლებოდნენ სახელმწიფო სახსრებს. 

„საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ერთ შემთხვევაში მოტყუებით დაუფლებულია 439 892 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 88 929 ლარი, ჯამში 528 821 ლარი. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას არ ახდენდნენ შესაბამის რეაგირებას სამუშაოების მწარმოებელი კომპანიების მხრიდან არსებულ დარღვევებზე და ხელმოწერით ადასტურებდნენ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებს“, – აცხადებდა საგამოძიებო სამსახური. 

ბრალდების მხარის მტკიცებით, სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა სამუშაოების შემსრულებელს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა თანხა - ჯამში 170 000 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, პროკურატურა აცხადებდა, რომ ფოთის თეატრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ირაკლი კაკულიამ და ზური ყურუამ ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და შ.პ.ს. „კუნძულის“ დირექტორის ე.ღ.-ს უპირატესობა მიანიჭეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. 

„მშენებლობის სამუშაოების შესრულების დროს, მათ ყალბად დამზადებული მიღება-ჩაბარების აქტებით, თითქოსდა სამუშაოებმა 9 102 139.71 ლარი შეადგინეს, სამუშაოები ჩათვალეს შესრულებულად და ჩაიბარეს, მაშინ როდესაც რეალურად შესრულებული იყო 359 222.81 ლარით ნაკლები სამუშაო“, – აცხადებდა პროკურატურა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]