გიორგი კალანდაძე „მთავარ არხთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ გერმანიაში უპრობლემოდ შევიდა და მაშინ დააკავეს, როდესაც ქვეყანას ტოვებდა.
„მითხრეს, რომ დაკავებული ვარ, რადგან ვიმყოფები ძებნაში, რაზეც ვუპასუხე, რომ ზუსტად ერთი თვის უკან, გადმოვლახე საზღვარი არანაირი პრობლემა არ იყო. ეს არის ახალი ტალღა ჩემი დისკრიმინაციის, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას უბრუნდება პირიქით.
ეს საქმე აღმიძრეს უკრაინაში ყოფნის დროს, 2015 წლის მიწურულს, როცა საქმის გამოძიება დაიწყეს 2013 წელს, ანუ სამი წლის მერე წამიყენეს ბრალი. ის არის მოგონილი და შეთითხნილი, არაფერზე დამყარებული.
დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიაში ჩემი ექსტრადაცია არ დადგება, საექსტრადაციო პერიოდი შემიცვალეს გირაოთი და რამდენიმე კვირაში მექნება სასამართლო, სადაც სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ჩვენ ველით“, – განაცხადა კალანდაძემ.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა გიორგი კალანდაძე ბერლინის აეროპორტში მიმდინარე წლის 19 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა კალანდაძეს მოქალაქის თავისუფლების უკანონო აღკვეთას და წამებას ედავება.