weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ალტ-ინფოს“ პარტია ხულოს ოფისის დახურვაზე: „ხელისუფლებაში მოვალთ და გაგაქრობთ“

18:38 ოთხშაბათი, 09 მარტი 2022

ძალადობრივი და პრორუსული ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ და მის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის, კონსერვატიული მოძრაობის ლიდერები ხულოში ნაქირავები ოფისიდან გამოძევებას ეხმაურებიან. 

გიორგი ქარდავამ და შოთა მარტინენკომ „ალტ-ინფოს“ ტელევიზიით მორიგი ისლამოფობიური განცხადებები გააკეთეს. მათი თქმით, ის ახალგაზრდები, ვინც ხულოში მათი ოფისის გახსნას ეწინააღმდეგებიან, „რადიკალი ისლამისტები“ არიან და „თურქეთის სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობენ. გიორგი ქარდავა იმუქრება, რომ მას შემდეგ, რაც „ხელისუფლებაში მოვლენ“, ამ ადამიანებს „საქართველოში აღარ გააჭაჭანებენ“.

„ჩვენ ხულოში არც გაგვიხსნია ოფისი. უბრალოდ ფართის მეპატრონესთან, რომელიც შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი აღმოჩნდა, იყო მოლაპარაკება. ზღაპრებს ჰყვება, თითქოს, ეგონა, რომ პროდასავლური, ლიბერალური პარტია ვიყავით და მერე გაიგო, თურმე, რომ არ ვყოფილვართ და ამიტომ გვითხრა უარი. რაც შეეხება დანარჩენ ადამიანებს, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არაიან, მათშიც არიან ის ისლამისტი რადიკალები.

პატარა დაჯგუფებაა, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს თურქეთის სპეცსამსახურებთან, მათ შორის, ხულოს რაიონსა და აჭარაში რა თურქული რელიგიური სკოლებიც არის, დიდწილად ეს ხალხი კურირებს და რა თქმა უნდა, მათთვის ჯვარი მიუღებელია. 

მე ამ ადამიანებს ვაფრთხილებ: ჩვენ ოდესღაც ხელისუფლებაში მოვალთ და შესაბამის პასუხს გაგცემთ. ის, ვინც ჯვარს ეხება, ვინც ჩვენს სარწმუნოებას ეხება, მათ შორის, ვიღაც ტერორისტებთან კავშირში მყოფი ადამიანების მიმართ გვექნება უმკაცრესი ზომები მიღებული. თქვენ უბრალოდ აღარ გაგაჭაჭანებთ საქართველოში და მით უმეტეს, აჭარაში.

თქვენ, თურქეთის სპეცსამსახურებთან, ერთად იქიდან უბრალოდ გაგაქრობთ. ეგ არის ჩვენი პასუხი“, – განაცხადა გიორგი ქარდავამ.

როგორც ის ამბობს, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისებს ხულოშიც გახსნიან და მთელ საქართველოშიც. ქარდავას ინფორმაციით, უკვე 70 ოფისი აქვთ და „ჩვეულებრივ რიტმში აგრძელებენ პარტიული ინფრასტრუქტურის მშენებლობას“. 

შოთა მარტინენკომ დაამატა, რომ ხულოში ოფისს „შედარებით მოგვიანებით გახსნიან და ყველა შემოტევას საკადრის პასუხს გასცემენ“. 

მარტინენკო სვანეთში, კერძოდ, მესტიაში „კონსერვატიულ მოძრაობის“ ოფისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ტყუილია, თითქოს, პარტიას ოფისი დაატოვებინეს. 

„მესტიაში ვერავინ ვერაფერს დაგვატოვებინებს. ვიღაც „ენჯეოშნიკები“ რომ მივიდნენ, ადგილობრივებმა საკადრისი პასუხი გასცეს და მეორედ არავის აღარ მოაფიქრდება იქ ასე მისვლა. სვანეთში დიდი მხარდაჭერა გვაქვს. არცერთ რეგიონში, ვერსად ვერაფერი დაგვატოვებინეს. ერთადერთი, სადაც პრობლემა შეიქმნა, ხულოა“, – აღნიშნა მარტინენკომ. 

„კონსერვატიულ მოძრაობას“ ხულოში ოფისი მის გახსნამდე დაატოვებინეს. როგორც „რეგინფოს“ ფართის მესაკუთრემ, დათო სოლომონიძემ უთხრა, „ალტ-ინფოს“ პარტიის იდეოლოგიას არ იზიარებს, მოლაპარაკების დროს კი შეცდომაში შეიყვანეს: „მითხრეს, რომ კონსერვატიული პარტია იმუშავებს ევროპული ხედვებითო. პლაკატები რომ გააკრეს და მივხვდი, ვინ იყვნენ, იმ დღესვე ვუთხარი, სხვა ფართი მოეძებნათ“, – თქვა დათო სოლომონიძემ.

ადგილობრივი ახალგაზრდები აცხადებენ, რომ „ალტ-ინფო“ წლების განმავლობაში ისლამოფობიას აღვივებს და მიაჩნიათ, რომ ორგანიზაციის წევრების მიზანი ხულოში პროვოკაციის მოწყობა და გარკვეული ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირებაა.

მანამდე, პროტესტი მოჰყვა მესტიაში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნას. 3 მარტს, „ალტ-ინფოს“ წევრები და აქტივისტები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მესტიაში საგანგებოდ შეიკრიბნენ, თავს დაესხნენ ადგილობრივ ახალგაზრდებს, რომლებმაც პრორუსული პარტიის ოფისი გახსნა გააპროტესტეს. მესტიის ცენტრში ჩხუბი რამდენიმე წუთი გაგრძელდა, შემთხვევის ადგილზე იყვნენ პოლიციის თანამშრომლებიც, მაგრამ ძალადობის, ცემისა და ხულიგნობის ფაქტებზე არავინ დაუკავებიათ. ნაცემია 10-მდე ადამიანი. 

 

ამ თემაზე:

„ალტ-ინფოს“ პარტია 77 ოფისით - როგორ იზრდება რუსეთი საქართველოში

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]