weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

რა უნდა ვიცოდეთ „პაქსლოვიდზე“ – კოვიდის სამკურნალო მედიკამენტზე

18:57 ოთხშაბათი, 23 მარტი 2022
The New York Times-ის ფოტო The New York Times-ის ფოტო

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც „პაქსლოვიდი“ მიიღო და მის გამოყენებას იწყებს. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, პრეპარატს პაციენტები უფასოდ მიიღებენ, მისი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას კი ოჯახის ექიმი მიიღებს. პრეპარატით ის ინფიცირებულები იმკურნალებენ, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ არიან.

„რეგინფო“ გთავაზობთ ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს იელის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პუბლიკაციის მიხედვით.

Pfizer-ის მიერ შექმნილი ეს პრეპარატი აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) გადაუდებელი გამოყენებისთვის დეკემბერში აღიარა და მისი მიღება შეუძლიათ 12 წლის ან უფროსი ასაკის ადამიანებს, რომლებიც 40 კილოგრამზე მეტს იწონიან.

„პაქსლოვიდი“ ორალური გზით მისაღები ანტივირუსული აბია, რომლის გამოყენებაც მაღალი რისკის პაციენტებს ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასარიდებლად სახლშივე შეუძლიათ. როგორც მწარმოებელი წერს, წამალს ბევრი დადებითი მხარე აქვს - ის 89% ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს. ამ მაჩვენებელის დამსახურებაა, რომ ჯანმრთელობის ნაციონალურმა ინსტიტუტმა (NIH) კორონავირუსის სამკურნალო სხვა ალტერნატივებს „პაქსლოვიდი“ ამჯობინა. ის კოვიდის სამკურნალო ბევრ მედიკამენტზე უფრო იაფია და მოელიან, რომ ომიკრონის შტამის წინააღმდეგაც ეფექტური იქნება.

„ვფიქრობ, მედიკამენტი თამაშის წესებს შეცვლის. ეს არის ჩვენი პირველი ეფექტური ანიტივირუსული აბი, რომლის მიღებაც ორალური გზითაა შესაძლებელი“, – ამბობს სკოტ რობერტსი, იელის მედიცინის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების სპეციალისტი.

უნდა აღინიშნოს, რომ „პაქსლოვიდი“, რომელიც შედგება ორი გენერიკული მედიკამენტისგან – „ნირმატრელვირისა“ და „რიტონავირისგან“, არ არის ერთადერთი აბი კორონავირუსის სამკურნალოდ. FDA-მ დეკემბერში Merck-ის მედიკამენტი „მოლნუპირავირიც“ აღიარა, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ მას მხოლოდ 30%-ით შეუძლია შეამციროს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის რისკი.

როგორ მუშაობს „პაქსლოვიდი“?

„პაქსლოვიდით“ მკურნალობის თერაპია შედგება 2 განსხვავებული მედიკამენტისგან, რომლებიც ერთ პაკეტშია თავმოყრილი. ერთი დოზა სამ აბს მოიცავს, რომელთაგან ორი ნახსენები „ნირმატრელვირია“ – ის SARS-CoV-2-ის პროტეინის გამრავლებას უშლის ხელს. მესამე აბი კი „რიტონავირია“, რომელიც ერთ დროს აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენებოდა, თუმცა ახლა ანტივირუსული მედიკამენტების დონის ასამაღლებლად გამოიყენებენ.

„რიტონავირი“ არსებითად აფერხებს „ნირმატრელვირის“ მეტაბოლიზმს ღვიძლში, ის სწრაფად ვეღარ გამოდის ორგანიზმიდან და უფრო გრძელვადიანი ეფექტი აქვს ინფექციის წინააღმდეგ.

როდის უნდა მივიღო „პაქსლოვიდი“?

„პაქსლოვიდი“ 5 დღის განმავლობაში, სიმპტომების გამოვლენის თანადროულად უნდა მიიღოთ. სხვა ანტივირუსული საშუალებების მსგავსად, „პაქსლოვიდი“ მაქსიმალურად ეფექტიანი დაავადების საწყის ფაზაშია.

„თუ ერთ კვირაზე მეტია, რაც ვირუსი შეგეყარათ, ანტივირუსული სამკურნალო საშუალებები მიყენებული ზიანის აღდგენას ვეღარ შეძლებენ“, – ამბობს ჯეფრი ტოპალი, იელის მედიცინის ინფექციური დაავადებების კიდევ ერთი სპეციალისტი.

რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მივიღო „პაქსლოვიდი“?

„პაქსლოვიდის“ 3-3 აბი დღეში ორჯერ მიიღება. კურსი 5 დღე გრძელდება და 30 აბს მოიცავს.

არის თუ არა „პაქსლოვიდი“ „ტამიფლუს“ მსგავსი?

„ტამიფლუ“ ანტივირუსული მედიკამენტია, რომელიც გრიპის სიმპტომებს ამცირებს. ორივე მათგანი ორალური გზით ვირუსის საწყის ეტაპზე მიიღება.

„ტამიფლუც“ 5 დღის განმავლობაში დღეში ორჯერ უნდა დალიოთ, თუმცა, განსხვავებით „პაქსლოვიდისგან“, მისი მიღება გრიპის სიმპტომების გამოვლენიდან 48 საათის განმავლობაშია რეკომენდებული. „თუ პაციენტს ამ დროის გასვლის შემდეგ მისცემთ პრეპარატს, ის ვირუსზე ვეღარ იმოქმედებს“, – ამბობს დოქტორი რობერტსი.

განსხვავდება ორი პრეპარატის შესწავლის გზებიც. მკვლევარებმა აჩვენეს, რომ „პაქსლოვიდი“ იცავს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისაგან. რადგან გრიპი ნაკლებად იწვევს მძიმე შემთხვევებს, კვლევები, ამ შემთხვევაში, ორიენტირებული იყო იმაზე, თუ რამდენად შეეძლო „ტამიფლუს“ ვირუსის ხანგრძლივობის შემცირება.

რამდენად კარგად მუშაობს „პაქსლოვიდი“?

როდესაც FDA-მ „პაქსლოვიდი“ აღიარა, Pfizer-მა 2021 წელს ჩატარებული კვლევა წარმოადგინა. კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეები, რომლებმაც პრეპარატი მიიღეს, 89%-ით იყვნენ დაზღვეულები ვირუსის მძიმე ფორმების განვითარებისგან.

მედიკამენტის ეფექტურობაზე დაკვირვებას მეცნიერები მომავალშიც გააგრძელებენ.

ეფექტურია თუ არა „პაქსლოვიდი“ ომიკრონის წინააღმდეგ?

„პაქსლოვიდის“ კლინიკური კვლევები დაიწყო მანამ, სანამ ომიკრონის ვარიანტი დომინანტური გახდებოდა, თუმცა, Pfizer-ის თანახმად, მედიკამენტი ამ შტამის წინააღმდეგაც მუშაობს.

რა გვერდითი ეფექტები აქვს „პაქსლოვიდს“?

იმ ადამიანთა უმრავლესობა, ვინც „პაქსლოვიდს“ მიიღებს, ვერანაირ სერიოზულ გვერდით ეფექტს ვერ იგრძნობს. მსუბუქი უკუეფექტი კი შეიძლება იყოს:

  • შესუსტებული ან შეცვლილი გემოს შეგრძნება
  • დიარეა
  • არტერიული წნევის ცვალებადობა
  • კუნთების ტკივილი

სპეციალისტების რჩევით, დოზების რეგულირება მნიშვნელოვანია თირკმლის საშუალო სიმწვავის დაავადების მქონე პაციენტებისთვის. სპეციალისტ ტოპალის თანახმად, „პაციენტებისთვის თირკმლის მწვავე დაავადებით, ასევე დიალიზდამოკიდებულთათვის და ღვიძლის მწვავე დაავადების მქონე პაციენტებისთვის, „პაქსლოვიდი“ არაა რეკომენდირებული. ასეთი პაციენტებისთვის „მოლნუპირავირი“ უკეთესი ვარიანტია“.

შემიძლია თუ არა „პაქსლოვიდით“ მკურნალობა, თუ სხვა მედიკამენტებს ვიღებ?

აუცილებლად გააფრთხილეთ ექიმი ამის შესახებ, რადგან არსებობს ვრცელი სია იმ მედიკამენტებისა, რომლებთან „პაქსლოვიდის“ ურთიერთქმედებაც გასათვალისწინებელია. ექიმმა შესაძლოა არ დაგინიშნოთ „პაქსლოვიდი“ რომელიმე მედიკამენტის გამო, რადგან მათმა ერთად მიღებამ შესაძლოა პრობლემები გამოიწვიოს.

ასევე, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ გეგმავთ ორსულობას, ორსულად ხართ ან ლაქტაციის პერიოდი გაქვთ.

თუ ჩემთვის არ შეიძლება „პაქსლოვიდის“ მიღება, არსებობს სხვა მედიკამენტი?

ვისაც არ შეუძლია „პაქსლოვიდის“ მიღება, თუნდაც იმის გამო, რომ ის დაუშვებელია სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, არსებობს ალტერნატიული მედიკამენტები. მაგალითად, „მოლნუპირავირი“, „სოტროვიმაბი“ და „რემდესივირი“.

ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტი (NIH), მწვავე დაავადების მქონე პაციენტებისთვის, რეკომენდაციას უწევს შემდეგ მკურნულობას:

  • „პაქსლოვიდი“
  • „სოტროვიმაბი“ (ბრენდული დასახელება - „ქსევუდი“)
  • „რემდესივირი“ (ბრენდული დასახელება - „ვეკლური“)
  • „მოლნუპირავირი“

„მაგალითად, „რემდესივირი“ საჭიროებს სამდღიან ინტრავენურ (IV) თერაპიას, რაც საკმაოდ დიდ რესურსს მოითხოვს. შესაბამისად, ზოგიერთი ჰოსპიტალი ამ მომსახურებას არ სთავაზობს პაციენტებს“, – ამბობს დოქტორი ტოპალი, – „მაგრამ „სოტროვიმაბი“, რომელიც ერთჯერადი ინექციაა, იოლად ხელმისაწვდომია“.

თუ „პაქსლოვიდი“ ხელმისაწვდომია, მაინც მჭირდება ვაქცინაცია?

ვაქცინაცია პრევენციის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება. დოქტორი ტოპალი კოვიდის პრევენციას, როგორც გადმობრუნებულ პირამიდას, ისე წამოგვიდგენს – ვაქცინაცია, პირბადის ტარება და ტესტირება საძირკველშია, მედიკამენტური მკურნალობა კი მწვერვალზე.

დოქტორი ტოპალის თქმით, ადამიანებს უნდა ახსოვდეთ, რომ მაღალი ეფექტურობის მიუხედავად, „პაქსლოვიდი“ სრულყოფილი არ არის და რომც იყოს, ვირუსს მაინც შეუძლია, განაგრძოს მუტაცია და წინააღმდეგობა გაუწიოს ანტივირუსულ პრეპარატებს. შეკითხვაზე, მაინც მოხვდებიან თუ არა ადამიანები სავაამდყოფოებში, ის პასუხობს: „დიახ. არცერთი წამალია იდეალური, მაგრამ ბევრი მაღალი რისკის მქონე პაციენტისთვის, მედიკამენტი ამ რისკს შეამცირებს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]