ამ საკითხზე მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრების დროს ისაუბრა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა, მარიამ გოგოსაშვილმა მას ჰკითხა, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრი, მოიკვლევს თუ არა ე.წ. შავი სიების საკითხს და იქნება თუ არა ეს პროცესი გამჭვირვალე.
„ეს არის აბსურდი. რატომ – ვინც იცის ტელევიზიის მუშაობის სპეციფიკა და ამ ტელევიზიის სტრუქტურა, ეს არის სრულიად გამორიცხული, ეს ვინმეს უნდა თუ არ უნდა. ამ ტელევიზიაში მუშაობს 1200-მდე ადამიანი, არის უამრავი მიმართულება, უამრავი გადაცემა და ყოველ დღე მოდის ძალიან ბევრი სტუმარი, მუშაობს რამდენიმე ათეული (70-80, შეიძლება 100-ც კი, ან მეტი) პროდიუსერი, აქ ლაპარაკი „შავ სიებზე“ უცებ, ყოველგვარი... და რა უნდა იქნეს განხილული? ყოველგვარი საბუთის გარეშე... მე შემიძლია განვიხილო – აი, ჩემს წინაშე დევს ბოთლი და წყალი. რაც არ დევს, შეუძლებელია განვიხილო. თუ იქნება რაიმე წარმოდგენილი, ნებისმიერი რამ, რა თქმა უნდა, ამას ისედაც განვიხილავთ და მთელი საზოგადოება ჩაერთვება“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
ვასილ მაღლაფერიძემ დაამატა, რომ ინტუიცია და გამოცდილება კარნახობს, რომ მაუწყებელში „შავი სიების“ არსებობა „აბსოლუტურად გამორიცხული სიტუაციაა“.
„ამ საზოგადოებაში, 1200 კაცში, მიუხედავად იმისა, რომ თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს ადამიანები მაქსიმალურად არ გამოხატავენ თავიანთ პოლიტიკურ შეხედულებებს, აქ არის ყველა პოლიტიკური შეხედულების ადამიანი, ეს ბუნებრივი პროცესია. აგერ შეიძლება ყველაფერი ითქვას, აქ, ახლა, ამ დროს არსებობდეს „შავი სიები“. ეს გამორიცხულია.
მე ამას ვუყურებ პრესაში და ჯერჯერობით რაც იქნა წარმოდგენილი და ალბათ, სრულად ეს არის წარმოდგენილი, რაც გაჟღერდა „შავ სიებთან“ დაკავშირებით, ეს არის ძალიან შორს რეალობიდან.
ჯერ ერთი უამრავი ადამიანი დადის გადაცემებში და თუ მთელი „შავი სიები“ პირველი არხისა არის ის, რომ რომელიმე ძალიან პატივცემული მხატვარი გადაცემაში არ მიიწვიეს... ეს პრდიუსერის უფლებაა და მიაქციეთ ყურადღება, რომ იქ არ იყო საუბარი არანაირ პოლიტიკურ დისკრიმინაციაზე“, – თქვა მაღლაფერიძემ.
დამაზუსტებელ შეკითხვას, მტკიცებულებები სამეურვეო საბჭომ უნდა მოიკვლიოს, როგორც ხელმძღვანელმა ორგანომ, თუ ჟურნალისტმა უნდა წარადგინოს, მაღლაფერიძემ უპასუხა: „ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შემოიტანს რაიმე საბუთს ან მტკიცებულებას, ეს იქნება განხილული, ოღონდ, მგონია, რომ სამეურვეო საბჭოს კარგი მუშაობაა, რომ სამეურვეო საბჭოს წევრმა შემოიტანოს და ეს ავტომატურად იქნება განხილული“.
გადაცემა „ახალი კვირის“ ყოფილი წამყვანი იმედა დარსალია და ჟურნალისტები თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელის პირველ არხზე ცენზურის არსებობაზე საუბრობენ. როგორც მათ 25 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, არხის მენეჯმენტს რესპონდენტებისა და ორაგანიზაციების ე.წ. შავ სია ჰქონდა. გარდა ამისა, როგორც იმედა დარსალია ამბობს, ორი წლის განმავლობაში „ახალ კვირაში“ პოლიტიკა „ოფიციალურად აკრძალული“ იყო.
გადაცემა „ახალი კვირა“ 2022 წლიდან ეთერში აღარ გადის. გადაცემის ჟურნალისტების ერთმა ნაწილმა არხის ხელძღვანელობის მხრიდან ზეწოლა და საქმიანობაში ჩარევა უარყო.