weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

„საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას“ – სუსი ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციებზე

19:46 ორშაბათი, 18 აპრილი 2022
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია თბილისში / ფოტო: ირაკლი შალამბერიძე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია თბილისში / ფოტო: ირაკლი შალამბერიძე

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გასულ წელს გამართული საპროტესტო აქციები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში მოხვდა. სუს-ის შეფასებით, პროცესები თვითორგანიზებულ სამოქალაქო პროტესტს გასცდა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას შეუქმნა საფრთხე.

„ე.წ. რბილი ძალა და ფარული ოპერაციები“ – ასე ჰქვია სუს-ის ანგარიშის იმ ქვეთავს, სადაც ჰიდროელექტროსადგურების წინააღმდეგ პროტესტზეა საუბარი.

ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს, ცალკეული ჯგუფები განსაკუთრებით ინტერესდებოდნენ საქართველოს მოსახლეობისთვის სენსიტიური საკითხებით.

„მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევა და ინფორმაციის მოპოვება, ხოლო შემდგომ ცალკეული პროცესების მართვისა თუ მათში ნაწილობრივ ჩარევის გზით, ფსევდოპატრიოტული, დესტრუქციული პროცესების განვითარებისთვის ხელის შეწყობა.

2021 წელს ერთ-ერთ ასეთ საკითხად გამოიკვეთა საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რომლის თაობაზე მოსახლეობის პოლარიზების აქტიურ მცდელობებს გარე აქტორების მხრიდან სხვადასხვა წლებშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი.

დაინტერესებულმა ძალებმა საკითხის კრიტიკულ ნიშნულამდე გასამწვავებლად აქტიურად გამოიყენეს დეზინფორმაცია-პროპაგანდის, ფარული ოპერაციებისა და ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტები. აღნიშნული პროცესები ცალსახად გასცდა თვითორგანიზებულ სამოქალაქო პროტესტს და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

გასული წლის განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური იყო რიონის ხეობაში ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტი, რომლის წინააღმდეგაც რიონის ხეობაში, ქუთაისსა და თბილისში მრავალათასიანი აქციები იმართებოდა.

2020 წლის ბოლოს ადგილობრივების მიერ დაწყებულ მოძრაობას „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ათასობით ადამიანი შეუერთდა. პროტესტი კიდევ უფრო გამძაფრდა და გაფართოვდა მას შემდეგ, რაც 2021 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ მთავრობას ინვესტორი კომპანიისთვის 99 წლის ვადით ხეობაში 576.3 ჰექტარი ჰქონდა გადაცემული. გარემოსდაცვითმა და უფლებადამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახელმწიფოსა და კომპანია „ენკა რინიუებელზთან“ გაფორმებული ხელშეკრულება შეაფასეს როგორც „კაბალური“.

2021 წლის სექტემბერში „ენკა რინიუებლზმა“ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტდა. ეს ინფორმაცია მიმდინარე წლის მარტში, „ენკა რინიუებლზის“ 90%-იანი წილის მფლობელი თურქული კომპანია Enka İnşaat-ის 2021 წლის ფინანსურ ანგარიშის გამოქვეყნებითაც დადასტურდა. ანგარიშში წერია, რომ კომპანიამ პროექტზე უარი თქვა და წლის ბოლოს დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ქონება ჩამოწერა.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი ორ ჰესს მოიცავდა – ზემო ნამახვანი ჰესს, რომლის დადგმული სიმძლავრე 100 მგვტ იყო და ქვემო ნამახვანი ჰესს 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ეკონომიკის სამინისტრო აცხადებდა, რომ „ენკა რინიუებლზი“ პროექტის განსახორციელებლად 800 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავდა.

 

ამ თემაზე:

საბოლოოდ ნამახვანჰესის პროექტი უნდა განხორციელდეს – ეკონომიკის მინისტრი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]