ჟურნალისტების უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იცავს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების შეფასებით, თინათინ ბერძენიშვილის სამივე ბრძანება უკანონოა და პირდაპირ არღვევს დასაქმებულთა შრომის უფლებებს.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც კანონმდებლობით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით უნდა იყოს მედია, სადაც უზრუნველყოფილია პლურალისტური გარემო, ტელევიზია, რომელიც დამოუკიდებელია პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხისგან, სადაც ჟურნალისტებს უფლება აქვთ, პროფესიული სტანდარტების შესაბამისად მოამზადონ დამოუკიდებელი გადაცემა, სამწუხაროდ, არ არის ის ტელევიზია, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ჩვენთან არიან ჟურნალისტები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულებას, რომლებმაც ღიად ისაუბრეს და ამხილეს საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული სისტემური პრობლემა - „შავი სიები“, ცენზურის მცდელობები, თემების დაბლოკვა.
ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მოესმინა ჟურნალისტებისთვის და მიეღო შესაბამისი ზომები, დასაჯა ეს ჟურნალიტსები და უკანონოდ გაათავისუფლა სამსახურიდან.
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, სამწუხაროდ, ცენზურის სიმბოლოდ იქცა, სადაც თავისუფალი აზრი, პროფესიული სტანდარტების შესაბამისად მომზადებული გადაცემები მიუღებელია“, – განაცხადა „საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველოს“ მედია პროგრამის მენეჯერმა, მამუკა ანდღულაძემ.
ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემა „ახალი კვირის“ წამყვანმა და ჟურნალისტებმა გათავისუფლების შესახებ ბრძანება 29 აპრილს, ელ.ფოსტით მიიღეს. ამას წინ უძღოდა 25 მარტს მათ მიერ გამართული ბრიფინგი, სადაც საზოგადოებრივ მაუწყებელში ე.წ. შავი სიების არსებობისა და თემების დაბლოკვის შესახებ განაცხადეს.
„მივიღეთ სრულიად იდენტური შეტყობინენები, რომ პირველი მაისიდან აღარ ვართ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები. ჩვენი გადაცემის იმ თანამშრომლებს, ვინც არხზე რჩება, ერთთვიანი რეორგანიზაციის შემდეგ უთხრეს, რომ „ახალი კვირა“ ეთერში აღარ დაბრუნდება, ანუ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საბოლოოდ გააკეთა ის, რის გამოც 28 დეკემბერს გადაცემა რეორგანიზაციის მიზეზით გააჩერა და მე ეთერიდან მომხსნა. დადასტურდა მიზეზი - გადაცემა კრიტიკული კურსის გამო დახურეს.
გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელს აწერს არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი. იმის მიუხედავად, რომ ჩვენს საჯარო განცხადებებამდე ის საქმის კურსში იყო ცენზურის მცდელობის, „შავი სიების“ და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის ფაქტებზე, გათავისუფლების მიზეზი წერია: „საჯარო სივრცეში ცრუ და დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთება“.
ანუ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაგვიშვა იმ პრობლემებზე საჯაროდ საუბრის გამო, რომელთა მოგვარება, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა არხის შიგნით ვერ მოახერხა“, – განაცხადა დარსალიამ დღეს, 2 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
იმედა დარსალიას თქმით, საზოგადოება იმსახურებს გაიგოს სიმართლე, რა ხდება მისი გადასახადებით დაფინანსებულ ტელევიზიაში.
„ჩვენი გათავისუფლება არის სამაგალითო სასჯელი ყველა იმ ჟურნალისტისთვის, რომელიც გაბედავს, საჯაროდ ისაუბროს საზოგადოებრივი მაუწყებლის შიგნით არსებულ პრობლემებზე და გააკრიტიკოს ამ ორგანიზაციის მმართველი პირები. ეს არის მესიჯი, ყველა თანამშრომლისთვის: გაჩუმდნენ, თორემ სამსახურს დაკარგავენ. სამწუხაროდ, არხის გენერალურმა დირექტორმა და მენეჯმენტმა ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებით პრობლემის მოგვარება არა ცენზურის მცდელობაში მხილებული ადამიანების გათავისუფლებით, არამედ ჩვენი თავიდან მოშორებით გადაწყვიტეს.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩვენი პირველი განცხადებიდან მხოლოდ თვე-ნახევრის შემდეგ გადაწყვიტა დაეწყო შიდა მოკვლევა და გადაცემის ჟურნალისტების გამოკითხვა ისე, რომ მხილებული თანამდებობის პირები დროებით, მოკვლევის დასრულებამდეც კი არ ჩამოშორებიან დაკავებულ პოზიციებს“, – აღნიშნა დარსალიამ.
თამთა ჯანაძემ დაამატა, რომ მიმდინარეობს მათი პროფესიისთვის შეურაცხმყოფელი და უსაფუძვლო ჭორების გავრცელება, თითქოს, პოლიტიკური გავლენებიდან გამომდინარე მოქმედებენ: „ეს არის სრული აბსურდი. ერთადერთი, რისი დამტკიცებაც გვინდა, არის სიმართლე. ნაბიჯ-ნაბიჯ ამას აუცილებლად დავამტკიცებთ სასამართლოში“, – განაცხადა ჟურნალისტმა.
დღევანდელ ბრიფინგზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტმა აღნიშნა, რომ 2021 წლის 28 დეკემბრიდან გათავისუფლებამდე იმედა დარსალიას საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აძლევდა საშუალებას, პროფესიული მოვალეობა შეესრულებინა.
„უხდიდნენ ხელფასს, მაგრამ არ აძლეევდნენ საშუალებას, ყოფილიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდის წევრი, შეესრულებინა წამყვანის ან რაიმე სხვა ფუნქცია, რაც ძალიან დიდი დარღვევაა.
თამთას და სოფოს შემთხვევაში, ისინი თითქოს გადაიყვანეს სხვა სარედაქციო გუნდში, მაგრამ არც მათ აძლევდნენ საშუალებას, მათი Facebook-პოსტის შემდგომ, ყოფილიყვნენ ეთერში, გაეკეთებინათ სიუჟეტები და ა.შ.“, – აღნიშნა იურისტმა.
ყოველკვირეული გადაცემა „ახალი კვირა“ 2022 წლიდან ეთერში აღარ გასულა. თებერვალში გადაცემის წამყვანმა პირველად თქვა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში „შავი სიები“ იყო და გარკვეული თემები იბლოკებოდა.