weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ჩხიკვაძეს 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

21:57 ხუთშაბათი, 12 მაისი 2022

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს, მამუკა ჩხიკვაძეს დე ფაქტო სასამართლომ 5 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

სუს-ის განცხადებით, ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მამუკა ჩხიკვაძის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდებების წაყენება.

„მამუკა ჩხიკვაძისთვის უკანონო პატიმრობის მისჯამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის არაჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის განმახორციელებელ ძალას.

მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან რეგულარულად აქტიურდება „ცხელი ხაზი“ და მისი უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს, 12 მაისს, გავრცელებულ განცხადებაში.

სუს-სი აცხადებენ, რომ მამუკა ჩხიკვაძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად, ცენტრალური ხელისუფლება „მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმსა და ბერკეტს“ იყენებს.

მამუკა ჩხიკვაძის უკანონო დაკავების შესახებ 2021 წლის 12 დეკემბერს გახდა ცნობილი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აიყვანეს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა განაცხადა, ჩხიკვაძემ გაცნობიერებულად გადაკვეთა ე.წ. საზღვარი და სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„დაკავების დროს ის ყვიროდა რაღაც ნაციონალისტურ ლოზუნგებს, მესაზღვრეებს ოკუპანტებს უწოდებდა. როგორც გავიგე, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა არც ისე ადეკვატურად იქცეოდა“, – განაცხადა კოჩიევმა „ეხო კავკაზასთან“.

იმავე ინტერვიუში, კოჩიევი უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ცხინვალის იზოლატორში ჩხიკვაძეს სცემეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]