weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

„დიდება მეფეს!“ – საჯარო მოსამსახურეებისა და „ალტ-ინფოს“ აქცია თელავში

17:10 შაბათი, 28 მაისი 2022

ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის შესახებ ლევან ბერძენიშვილის განცხადების გასაპროტესტებლად და „მეფის დასაცავად“, დღეს, თელავში, ერეკლე მეორის სასახლესთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეთა უმრავლესობა თელავის სახელმწიფო თეატრის თანამშრომლები, პარტია „ალტ ინფოს“ აქტივისტები და საჯარო მოსამსახურეები იყვნენ.

„ოდესღაც ვიღაცას უთქვამს, მეფე ერეკლეს მეზარბაზნეები არ ჰყავსო, მე ვიტყვი, რომ მეფე ერეკლეს მეზარბაზნეები აქ ვართ და მის ღირსებას ყოველთვის დავიცავთ. დიდება მეფეს! ჩვენს მეფეს სიცოცხლის ბოლოს, ასაკზე მეტი ჭრილობა ჰქონდა სხეულზე. ეს ჭრილობები სწორედ ჩვენი საქართველოს, ჩვენი სარწმუნოების დასაცავად მიიღო“, – მიმართა შეკრებილებს ოთო მდივნიშვილმა.

აქციას თელავის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილიც შეუერთდა.

„ენა უნდა დაიმოკლოს! გაუჭირდება, მაგრამ უნდა დაიმოკლოს, სანამ მეფეს ახსენებს. ჭკვიანად იყვნენ, სანამ კარგად ვლაპარაკობთ კახელები და განსაკუთრებით თელაველები. ხსოვნა იყოს იმ დიდი მეფის!

ყოველთვის გვერდით დავდგეთ, რომ ასეთმა ვიგინდარებმა არ გაბედონ და მეორედ ასეთი სიტყვები არ წარმოთქვან. დიდება მეფეს!“, – თქვა გულიაშვილმა.

„მეფე ერეკლეს ორდენი მიკეთია. ბედნიერი ვარ იმით, რომ მეფე ერეკლეს როლსაც ვთამაშობდი და მეფე ერეკლეს მიმდევარი ვარ. არ მინდა სახელი და გვარი დავასახელო, განათლებულ კაცად მოაქვს თავი, ჩახედოს ან ტრაქტატს, ან სამყაროს, ან რა დრო იყო, ან ევროპა რას შვრებოდა და მერე ილაპარაკოს“, – აღნიშნა თელავის თეატრის მსახიობმა, ივანე იანტბელიძემ. აქციას მისი მეუღლე, თელავის მერის მოადგილე ფიქრია ყურშიტაშვილიც ესწრებოდა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე გამოვიდა ინიციატივით, რომ საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს, რათა სხვა დროს წმინდა და ღვაწლმოსილი მეფეების შესახებ „მსგავსმა გამონათქვამებმა“ ხალხში მღელვარება არ გამოიწვიოს.

აქციის მონაწილეებმა ერეკლე მეორის წმინდანად შერაცხვაც მოითხოვეს. ფიქრია ყურშიტაშვილმა კი თქვა, რომ 7 ნოემბერს თელავში მეფის დაბადებიდან 300 წლისთავს, პანდემიის გამო, დაგვიანებით, დიდი ზეიმით აღნიშნავენ. 

თელაველი მწერალი ტორესა მოსი (ვახტანგ მოსიაშვილი) აქციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„იმდენად აბსურდულია ლევან ბერძენიშვილისგან ერეკლეს დაცვა და თან ამ გროტესკული ფორმებით, რომ არც კი ვიცი, რა რეაქცია უნდა მქონდეს. 

ჩემი აზრით, ეს ამბავი კიდევ ერთი ცხადი მტკიცებულებაა, რომ სასწრაფოდ და სასიცოცხლოდ გვჭირდება განათლების ფუნდამენტური რეფორმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ქვეყანას არანაირი მომავალი არ უწერია“.

„რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა და ფილოლოგმა, ლევან ბერძენიშვილმ მაისის დასაწყისში მიცემულ ინტერვიუში თქვა: „სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა და „ომი გინდათ?!“. ხო, ერეკლემაც ეგ თქვა, რა – აბა, ომი გინდათო, კაცო. მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო. მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება? ხომ დაუწერა საკუთარმა შვილთაშვილმა – ვინ მოგცა ნებაო. არ მოუსმინეს. ბარათაშვილს არ უსმენენ“.

თელავში აქციის ორგანიზებამდე, ელექტრონული პეტიციაც გამოქვეყნდა, რომლის ხელმომწერები ითხოვენ, რომ ლევან ბერძენიშვილს „საგანმანათლებლო კუთხით“ სტუდენტებთან კომუნიკაცია აეკრძალოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]