არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც მოსარჩელეებს წარმოადგენს, აცხადებს, რომ 2018 წელს, როდესაც საპატრიარქოს უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა 7 ჰექტრამდე საძოვრები, მთავრობამ არ გაითვალისწინა, რომ ადგილობრივი გლეხები საძოვრებს ათწლეულის განმავლობაში მართლზომიერად ფლობდნენ და იყენებდნენ.
„გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ გამოიკვლიეს სოფელი კიკიბოს საძოვრებზე ადგილობრივი მოსახლეობის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი. ასეთი მოკვლევის ჩატარების ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან და სასამართლო პრაქტიკიდან, რომელიც მიწის მართლზომიერი მფლობელის ინტერესებს საკუთრების უფლების მსგავსად იცავს“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
კიკიბოს გლეხების საკუთრების უფლების დასაცავად დავა ეროვნულ სასამართლოებშიც მიმდინარეობდა, რაც ერთ-ერთი მოსარჩელისთვის წარმატებით დასრულდა და 2021 წელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მან მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე უფლების აღიარება შეძლო. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განმარტებით, თითქმის იდენტური გარემოებების მიუხედავად, ეროვნულმა სასამართლოებმა უარი თქვეს დანარჩენი ოთხი მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
„სასამართლოს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამ ოთხი მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, ექსპერტმა ვერ შეძლო ზუსტი საზღვრების დადგენა. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ასეთ დროს, ადმინისტრაციულ ორგანოებს ევალებათ დაეხმარონ მართლზომიერ მფლობელებს მიწის ზუსტი საზღვრების დადგენაში“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ, ადმინისტრაციული ორგანოების უკანონო გადაწყვეტილებითა და ეროვნული სასამართლოების მიერ საქმის არასრულყოფილი განხილვის შედეგად, დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი პუნქტით დაცული საკუთრების უფლება.
„სასოფლო-სამეურნეო მიწების სიმწირის პირობებში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოფელ კიკიბოს საძოვრები საბაზისო საარსებო წყაროს ქმნის. ამის მიუხედავად, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრულად იქნა უგულებელყოფილი ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური ინტერესი სოფელში არსებული ერთადერთი საძოვარი ტერიტორიით სარგებლობაზე და უპირობო უპირატესობა მიენიჭა საქართველოს საპატრიარქოს ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებას.
გასათვალისწინებელია ასევე ადიგენის მუნიციპალიტეტის კულტურული და რელიგიური კონტექსტი, სადაც სოფელ კიკიბოს მახლობლად მდებარე სოფლებში ჭელაში (2013 წელი), მოხეში (2014 წელი) და ადიგენში (2016 წელი), ბოლო წლებში ქართველი მუსლიმი თემის დევნის მძიმე გამოცდილებები დაგროვდა.
ამ პირობებში, საქართველოს საპატრიარქოსთვის სოფელი კიკიბოს საძოვარი მიწების გადაცემა ავლენს ადგილობრივი ეპარქიის მიმართ ჭარბი პოლიტიკური ლოიალობის ნიშნებს“, – აღნიშნავს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.