weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს

10:33 შაბათი, 16 ივლისი 2022

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო (იოსებ) გოგაშვილი დააკავეს. ოჯახის წევრის მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, გოგაშვილი ღამით, სპეცოპერაციის შედეგად, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

ამ დროისთვის უცნობია, რისთვის არის დაკავებული სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი.

რამდენიმე დღის წინ გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“), რომელსაც ტელეკომპანია „მაესტროზე“ გადაცემა „აი უცნობი“ მიჰყავს, გაასაჯაროვა „მთავარი არხის“ სამუშაო ოთახში სავარაუდოდ უკანონო მოსმენის შედეგად მოპოვებული აუდიოჩანაწერი, სადაც გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას, პროდიუსერ ეკა სარიას და ჟურნალისტების - გიორგი გვიშიანისა და ლაშა კვესილაძის საუბარი ისმის. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ „მთავარი არხის“ და სხვა კრიტიკული ტელეკომპანიების წყარო - „საიდუმლო წყარო სუსიდან“ სოსო გოგაშვილი იყო.

აუდიოჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ, 15 ივლისს, გოგაშვილმა Facebook-ზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები ჰქონდა მოპოვებული, რომლებიც „ყველა შესაბამის ორგანიზაციას“ გადასცა. სოსო გოგაშვილის თქმით, „მტკიცებულებები“ დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლებისთვისაც ჰქონდა წარდგენილი. 

„ზუსტად ვიცი, რა სიბინძურეს ხარშავთ. აქამდე თქვენს მიერ გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შემატენეთ. ახლა ის ძველიც დაგიბრუნდებათ მისხალ მისხალ ყველას (დიდსაც და პატარასაც) თქვენ თქვენი წილი და ამ ახალმოხარშულ სიმყრალესაც მე ვეღარ შემტენით“, – მიმართავდა გოგაშვილი „ქართულ ოცნებას“.

სოსო გოგაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე 2015-2018 წლებში იყო. თანამდებობის დატოვების შემდეგ ის „ქართულ ოცნებაში“ მუშაობდა. 2020 წელს გოგაშვილი პარტიიდანაც წავიდა და მალევე განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაოდ ზეპარტიული ორგანიზაციის დაფუძნებას გეგმავდა. იოსებ გოგაშვილის სახელი დაკავშირებულია 2017 წლის დეკემბრის ბოლოს პანკსის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. მოკლული მაჩალიკაშვილის ოჯახი მიიჩნევს, რომ სპეცოპერაციას სუს-ის უფროსის მოადგილე ხელმძღვანელობდა, რასაც გოგაშვილი უარყოფს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]