weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ადვოკატი: დოკუმენტი, რომლის გასაჯაროებასაც გოგაშვილი გეგმავს, საზღვარგარეთ სანდო ხელშია

23:10 შაბათი, 16 ივლისი 2022

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ პირველი მოადგილეს, დაკავებულ სოსო (იოსებ) გოგაშვილს ადვოკატი შეხვდა. რამაზ ჩინჩალაძის ინფორმაციით, გოგაშვილი დაკავებას არჩევნების გაყალბების საკითხზე ბოლო პერიოდში მის მიერ წამოწყებულ საქმიანობას უკავშირებს.

„როგორც ის აცხადებს, ამ თემაზე და კონკრეტულ სქემებზე, კონკრეტული, შემაჯამებელი დოკუმენტი და სქემები აქვს, თუ კონკრეტულად რა და როგორ ხორციელდებოდა არჩევნების პროცესში. ის აღნიშნული დოკუმენტის საჯაროდ გამოტანას რამდენიმე დღის განმავლობაში აპირებდა და როგორც თავად აცხადებს, ეს დოკუმენტი, დღის სინათლეს რამდენიმე დღეში მაინც იხილავს. სწორედ ამის გამო, იმ პოსტის გამო, რომელიც მის მიერ გამოქვეყნდა დაახლოებით ორი დღის წინ, ამ ყველაფრის პრევენციისათვის მოხდა მისი დაკავება“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, დოკუმენტი, რომლის გასაჯაროებასაც გოგაშვილი უახლოეს დღეებში გეგმავს, „საზღვარგარეთ, სანდო ხელშია“.

„ოჯახის მიმართ მისი პირველი გზავნილი არის, რომ თავს გრძნობს კარგად, მხნედ და არის ბრძოლისუნარიან განწყობაზე“, – ამბობს რამაზ ჩინჩალაძე.

ადვოკატის შეფასებით, გოგაშვილის დაკავების დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არაერთი სავარაუდო დანაშაული იქნა ჩადენილი, რაზეც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ.

„ბატონი სოსო გოგაშვილის მეუღლე აცხადებს გარემოებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანი და საგანგაშოა - სანამ მის ეზოში დასაკავებლად შევიდოდნენ, ქალბატონმა დაინახა, ერთ-ერთი პიროვნება თუ როგორ იდებდა ლეპტოპს ზურგის არეში - საქამრეში და შემდეგ, ეს ლეპტოპი, სხვა ფლეშკებთან, გარე მეხსიერების ბარათებთან ერთად ამოღებული იქნა სოსო გოგაშვილის სახლის ჩხრეკის შედეგად. ასევე, დაკავების პროცესში განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა, ვიზუალური დაკვირვებითაც ეტყობა, რომ სახის მარჯვენა მხარეს აქვს შეშუპებული, ასევე წელის არეში წიხლებით მოხდა ფიზიკური დაზიანებების მიყენება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა შემდეგი: როცა სოსო გოგაშვილს ხელები ჰქონდა უკანა მხარეს შეკრული, გაშლილ ხელებზე მას უდებდნენ კონკრეტულ იარაღს, სავარაუდოდ, ანაბეჭდებისა და დნმ-ის გადატანის მიზნით. ამ დროს მოხდა, სოსო გოგაშვილის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა, სწორედ ამიტომ, გაუსწორდნენ მას ფიზიკურად“, – განაცხადა ჩინჩალაძემ.

ადვოკატი სოსო გოგაშვილზე დაყრდნობით ამბობს, რომ დაკავებულს ორი არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, გიორგი ღამბაშიძემ ჩაუდო. როგორც გოგაშვილი აცხადებს, ღამბაშიძეს პირადი დაინტერესებაც ჰქონდა, ვინაიდან თავის დროზე სამსახურიდან მის მიერ იყო გათავისუფლებული.

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, გვიან ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა, როგორც დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, გოგაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით არის დაკავებული: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით.

სოსო გოგაშვილმა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას 2015-2018 წლებში იკავებდა, გუშინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები ჰქონდა მოპოვებული, რომლებიც დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას წარუდგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]