weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მედიის ადვოკატირების კოალიცია: სააპელაციოს შეუძლია ხელი შეუწყოს ევროინტეგრაციას

12:42 სამშაბათი, 19 ივლისი 2022

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის განხილვის დაწყებამდე „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შეუძლია ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას ხელი შეუწყოს.

კოალიცია აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტმა, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტის უსაფრთხოების შესახებ მიღებული რეზოლუციით, გვარამიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილება დაგმო და მისი გადახედვა მოითხოვა.

„ამდენად, ნიკა გვარამიას საქმის განხილვით, სააპელაციო სასამართლოს ეძლევა განსაკუთრებული შესაძლებლობა ცვლილება შეიტანოს არა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში, არამედ უზრუნველყოს ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებაც.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ მომზადებული შეფასებებში. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სექტორმა ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით, საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ სააპელაციო სასამართლო ობიქტურად შეაფასებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, გაითვალისწინებს სახალხო დამცველისა თუ სხვა ორგანიზაციების მოსაზრებებს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა 16 მაისს მიუსაჯა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიასთვის სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება (მითვისება და გაფლანგვა) 220-ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. გვარამია ცნობილი იქნა დამნაშავედ 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ე.წ. 2015 წლის ეპიზოდში, სადაც პროკურატურა მას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებას ედავებოდა და ჯარიმის სახით 50 000 ლარის გადახდა დააკისრა. გვარამიას პატიმრობა მეორე - ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდზე შეეფარდა. ამ ეპიზოდშიც ის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის სცნეს დამნაშავედ. საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, მოსამართლის მხრიდან სრულად დაუსაბუთებელია სასჯელის სახისა და ზომის გამოყენების მართებულობა. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ 2017-2021 წლებში ამ მუხლით მსჯავრდებისას საპატიმრო სასჯელი არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა გამოყენებული.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს როგორც გვარამიას ადვოკატებმა, ისე პროკურატურამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]