weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

112 გათავისუფლებული დირექტორიდან 89 სუს-ს უარყოფითად ჰყავდა შეფასებული – კვლევა

19:43 ხუთშაბათი, 21 ივლისი 2022

პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, მმართველი პარტიის დირექტივების არ შესრულება/თავის არიდება, ოპოზიციურ პარტიასთან კავშირი ან მისდამი „ფარული თანაგრძნობა“, „პოლიტიკურად არაკეთილსაიმედოობა“, პედაგოგიური კოლექტივის არჩევნებში არ მონაწილეობა და „საარჩევნო რესურსის“ არ ყოლა – დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ეს იმ გარემოებების ჩამონათვალია, რომელთა არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საჯარო სკოლის დირექტორის გათავისუფლების რეკომენდაციას გასცემდა.

სავარაუდოდ 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში შედგენილი დახასიათებები სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიწოდებულ დოკუმენტშია მოცემული.

„დოკუმენტმა საშუალება მოგვცა, მასში მოცემული დახასიათებები შეგვედარებინა 2020 წლის სექტემბრიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გათავისუფლებული 112 დირექტორის სიისთვის“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების“ უახლეს კვლევაში.

როგორც ირკვევა, დირექტორების შეფასებას ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრები, „ქართული ოცნება“ და სუს-ი აკეთებდნენ.

„ამ 112 პირიდან მამხილებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში 95 დირექტორი იყო შეფასებული. საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს მათგან მხოლოდ 29 გათავისუფლებული დირექტორი ჰყავდა უარყოფითად შეფასებული, მმართველ პარტიას - 80 დირექტორი, ხოლო სუს-ს - 89.

ამ მონაცემებიდან აშკარად ჩანს, რომ სუს-ის და მმართველი პარტიის შეფასებებს დირექტორების გასათავისუფლებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც უკანონო და სრულიად მიუღებელი პრაქტიკაა.

112 დირექტორიდან 17-ის შესახებ დოკუმენტში შეფასება არ მოიპოვება. შესაძლოა მათ შესახებ მსგავსი შეფასებები სხვა დოკუმენტის სახით არსებობდეს“, – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის ავტორების აღნიშნავენ, რომ სუს-ი იკვლევდა საჯარო სკოლის დირექტორების, მათი ოჯახის წევრების პარტიულ საქმიანობას, კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ აგიტაციაში მონაწილეობის შემთხვევებს და სწორედ აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე აფასებდა დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის მიზანშეწონილობას.

„ძირითადად, საჯარო სკოლის დირექტორების, მათი ოჯახის წევრებისა თუ ახლო ნათესავების ოპოზიციურ პარტიაში საქმიანობა, მათ მიმართ პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოხატული დამოკიდებულება იყო უარყოფითი შეფასების საფუძველი, ანალოგიური მიდგომა იყო დირექტორის ნეიტრალური პოზიციის და მისი მხრიდან საარჩევნო კამპანიაში ჩართვაზე გამოხატული უარის შემთხვევაში.

მაგალითად, როცა სუსი მმართველი პარტიის მიმართ კეთილგანწყობის გამო დირექტორის პოზიციაზე დარჩენას მიზანშეწონილად აფასებდა, წერდა, რომ: „არის არსებული ხელისუფლების მხარდამჭერი, მიზანშეწონილია დარჩეს აღნიშნულ თანამდებობაზე“.

სამაგიეროდ არ იყო რეკომენდებული ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერების დირექტორის პოზიციაზე დარჩენა. მაგალითად, დოკუმენტში ერთ-ერთი სკოლის დირექტორი სუს-ის მიერ შემდეგნაირად არის შეფასებული: „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში უჭერდა მხარს პარტია „ევროპულ საქართველოს“. მიზანშეუწონელია დაინიშნოს თანამდებობაზე“ ან „თავს არიდებს მითითებების შესრულებას, ოპოზიციურად არის განწყობილი მმართველი გუნდის მიმართ, მისი თანამდებობაზე დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი“.

სუს-ი ერთ-ერთი დირექტორის გათავისუფლების რეკომენდაციის საფუძვლად აღნიშნავდა: „საყურადღებოა ის ფაქტი, რომ იგი და მისი ოჯახის წევრები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მხარს უჭერდნენ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს“.

სუს-ის მხრიდან საჯარო სკოლის დირექტორების შესახებ ზემოაღნიშნული ინფორმაციის სავარაუდო დამუშავება მნიშვნელოვნად სცდება სამსახურის მანდატს და ფუნქციებს“, – აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ გოგაშვილის მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია დამატებით მტკიცებულებად უნდა იქნას განხილული ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორ ია კერზაიაზე განხორციელებული ზეწოლის ნაწილში.

„2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურებს შორის პერიოდში ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში არაგეგმიური ინსპექტირება ჩატარდა. ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე სკოლის სამეურვეო საბჭოს სკოლის დირექტორის, ია კერზაიას უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის რეკომენდაცია მიეცა.

თავად ია კერზაია აღნიშნულ ინსპექტირებას პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებდა და ამის შესახებ საჯაროდ რამდენიმე ფორმატში განაცხადა. სატელევიზიო კომენტარში ია კერზაია აცხადებდა, რომ მას პირად საუბარში დაავალეს სკოლის პედაგოგებთან სალომე ზურაბიშვილის სასარგებლო აგიტაცია, რაც არ გააკეთა.

სამინისტროს მიერ ჩატარებულ არაგეგმიურ ინსპექტირებას კერზაია ამ მოვლენების გამო მისი დასჯის ღონისძიებად განიხილავდა. 2 დეკემბერს ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. 9 დეკემბერს იგი გარდაიცვალა. ია კერზაიას ოჯახის წევრების განცხადებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მანამდე არ ჰქონია“, – ვკითხულობთ კვლევაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე სკოლებზე არსებული ზეწოლის შესახებ ეჭვებს აღრმავებს ის გარემოება, რომ ამ წელს განხორციელებული შვიდი ინსპექტირებიდან ექვსი მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე ჩაატარა. ექვსივე განცხადება პირველსა და მეორე ტურებს შორის პერიოდში, ნოემბერში დარეგისტრირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]