ვერტმფრენი პარაპლანისტების დასახმარებლად იყო გამოძახებული. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ პარაპლანი კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. ძნელად მისადგომი ადგილიდან დაშავებულების ამოყვანას ვერტმფრენის საშუალებით ცდილობდნენ.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან კოვზიაშვილმა:
„სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.
მომხდარის შესახებ ყველა დეტალი დეტალები ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის“, – წერს ქეთი კოვზიაშვილი Facebook-ზე.
გუდაურში პარაპლანი 16 ივლისსაც ჩამოვარდა, რის შედეგადაც უცხო ქვეყნის მოქალაქე არასრულწლოვანი დაიღუპა, ქართველი პარაპლანისტი კი მძიმედ დაშავდა. პოლიციამ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით აღძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.