„ამ აქციის ამოცანაა კიდევ ერთხელ მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება აფხაზეთის ხელისუფლების მიერ ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალის ნაწილის გასხვისებასა და დღის წესრიგში მდგარ სხვა საკითხებზე“, – უთხრა „ეხო კავკაზას“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მწერალმა დიმიტრი გაბელიამ.
გამოცემის ინფორმაციით, კამპანიის მონაწილეები სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ და ავტომობილებზე აკრავენ ბანერებს, რომელზეც აფხაზეთია გამოსახული და გული იმ ადგილას არის დასმული, სადაც ბიჭვინთა მდებარეობს.
დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლება რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის საკითხს განიხილავს. 2022 წლის 19 იანვარს ხელმოწერილი ე.წ. შეთანხმება ითვალისწინებს რუსეთისთვის აგარაკის კომპლექსის უსასყიდლოდ, ხოლო მიწის და ზღვის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემას. მხოლოდ აგარაკის ფართობი 180 ჰექტარს აღემატება.
ე.წ. შეთანხმება ძალაში შესვლისთვის დე ფაქტო პარლამენტის მხრიდან რატიფიცირებას საჭიროებს, რასაც პარლამენტი არ თანხმდება. ცოტა ხნის წინ ე.წ. პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა შეთანხმების „კონსტიტუციასთან“ შესაბამისობა შეემოწმებინა. ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ „ხარვეზების გამო“მიმართვა არ განიხილა და 3 აგვისტოს, პარლამენტს უკან დაუბრუნა.
დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთი ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას უკვე 12 წელია ითხოვს. როგორც ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თქვა, ქონება უნდა გადასცენ არა ბიზნეს-სტრუქტურებს და შემთხვევით ადამიანებს, არამედ ხელმძღვანელს, რომელმაც, მისი აზრით, აფხაზეთისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა.