ნინო ლომჯარიას თქმით, თუ კობახიძე ქსენოფობიის კონკრეტული ფაქტები აქვს, შეუძლია სახალხო დამცველის აპარატს მიმართოს.
„ამ წუთას მე არ მაქვს ასეთი მტკიცებულებები, ნამდვილად და ვერ დავადასტურებ. ჩვენ არასდროს მოგვრიდებია არცერთ არაპოპულარულ თემაზე განცხადების გაკეთება.
მე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, რომ ქსენოფობია არის, თუმცა, 8 აგვისტო მოდის და არავის არ უნდა გაუკვირდეს... ამ ქვეყანაში, სადაც 300 ათასზე მეტი დევნილია, ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად ბოლო ათწლეულების განმავლობაში და როდესაც დღეს რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა, თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს - უკრაინას, ცოტა არ იყოს მიკვირს, რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს მომმართველი პარტიიდან, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ, ან მომავალში იბრძოლებენ, როდესაც მათი სახელმწიფო ან ხელისუფლება დაუძახებთ.
ეს ძალიან ბუნებრივია, რომ შეიძლება სიყვარული არ გამოხატონ მოქალაქეებმა. ბუნებრივია უკმაყოფილება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გადაიზარდოს არცერთ შემთხვევაში უკანონო ფორმებში და თუ ასეთ საშიშროებას დავინახავთ, მოვახდენთ რეაგირებას“, – თქვა ნინო ლომჯარიამ.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ომისა და ღალატის პარტია“ ცდილობს ქსენოფობიური კამპანიის მეორე ტალღა ააგოროს და საზოგადოება დაარწმუნოს, რომ „რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით არიან შემოსული და რომ ეს ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს“. კობახიძის თქმით, მარტში სახალხო დამცველს 10 დღე დასჭირდა იმისთვის, რომ ქსენოფობიასთან დაკავშირებით განცხადება გაეკეთებინა და ახლა, „ჯერჯერობით, არავითარი განცხადება მისგან არ გვესმის“.