weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახალქალაქში დაკავებულ ენმ-ის წევრს სასამართლომ 11-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

10:59 ხუთშაბათი, 25 აგვისტო 2022
ფოტო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგიდან ფოტო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგიდან

ახალქალაქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, არტურ მკოიანი პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. სასამართლომ ის სამართალდამრღვევად ცნო და 11-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ოპოზიციური პარტიის რეგიონალურმა მდივნმა, გიორგი ბოტკოველმა გუშინ, 24 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიციამ არტურ მკოიანი უკანონოდ დააკავა.

„ცდილობდნენ, რომ მის ოჯახში იარაღი ჩაედოთ და შემდგომ მისი დაკავება შესაბამისი მუხლით მომხდარიყო, მაგრამ ატეხილი ამბის შემდეგ, როდესაც პროცესში ტელევიზიები ჩაერთვნენ, რა თქმა უნდა, ვეღარ გაბედეს ამის განხორციელება“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ბოტკოველის თქმით, არტურ მკოიანის და მისი ოჯახის მიმართ „პოლიტიკური დევნა“ 2021 წელს დაიწყო, როდესაც მკოიანი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის წევრი გახდა.

„ამის მთავარი შემოქმედი გახლავთ ახალქალაქის პოლიციის უფროსი შალვა ლომსაძე. არტურ მკოიანზე ხორციელდებოდა სხვადასხვაგვარი ზეწოლა, ტერორი, შანტაჟი, რათა მას „ნაციონალური მოძრაობა“ დაეტოვებინა. ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან, რომ მთავარი სტრუქტურა, რომელიც ამ ქვეყანაში ადამიანების დაცვაზე უნდა იყოს ორიენტირებული, დაკავებულია ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ტერორით“, – აღნიშნა ბოტკოველმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ამ საკითხზე გუშინ კომენტარს არ აკეთებდნენ. უწყებამ განცხადება დღეს გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა არტურ მკოიანის სახლში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩაატარეს.

შსს-ს თანახმად, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა 23 აგვისტოს, ახალქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლის მიერ გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან პირადი ავტომობილით მოძრავი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გასროლა.

„მომხდარი ფაქტის შემდეგ მძღოლი ავტომობილიანად მიიმალა. გამოძიების ფარგლებში, მალევე მოხდა ავტომანქანის მძღოლის იდენტიფიცირება და დადგინდა, რომ „ოპელის“ მარკის ავტომობილს მართავდა 1985 წელს დაბადებული ა.მ. ზემოაღნიშნულ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ა.მ.-ის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკისას, აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იქნა დაკავებული. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ 24 აგვისტოს ა.მ. სამართალდამრღვევად ცნო და 11-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.

სამინისტროში გიორგი ბოტკოველის ბრიფინგსაც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ მკოიანის ოჯახის მიმართ ტერორისა და პოლიტიკური დევნის შესახებ ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება: „გამოძიების დაწყება და პოლიციის მიერ ა.მ.-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკა ჩატარდა საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს ვიდეოს, რომელზეც, უწყების მტკიცებით, ასახულია არტურ მკოიანის მიერ იარაღიდან სროლის ფაქტი, რის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო და მკოიანის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

 

ამ თემაზე:

ახალქალაქში დაკავებული კაცის ცოლი პოლიციის უფროსს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]