შემთხვევა 25 ოქტომბრის საღამოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მეზობლებს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ მოქალაქეებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს კი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დაუპირისპირდა. პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის შემდეგ სამართალდამცავებმა მისი დაკავება სცადეს, რა დროსაც მოულოდნელად გარდაიცვალა.
„პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირი, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
სამინისტრომ „ფეისბუქის“ გვერდზე ვიდეოც გავრცელდა, რომელშიც ადგილობრივები მომხდარის შესახებ ყვებიან. ერთ-ერთი მეზობლის ნოდარ შანიძის თქმით, გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. „ხშირად სვამდა. ფსიქოტროპულებსაც ხშირად იღებდა. ასე რომ, არ იყო ჯანმრთელი ადამიანი“, – ამბობს ნოდარ შანიძე შსს-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერში.
ახალგაზრდის სიკვდილში თვითმხილველები სამართალდამცველებს ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, პაატა პავლიაშვილმა დაკავებისას პატრულს შეატყობინა, რომ თავი შეუძლოდ იგრძნო, თუმცა პოლიციელებმა ბორკილების დადება განაგრძეს, რა დროსაც ახალგაზრდა გარდაიცვალა.
პაატა პავლიაშვილი გუშინვე რუსთავის პროზექტურაში გადაასვენეს. პროკურატურის გამომძიებლის, ვაჟა გამეზარდაშვილის თქმით, ვიზუალური დათვალიერებით გარდაცვლილს დაზიანების კვალი არ აღენიშნება.
გარდაცვლილს ორი შვილი დარჩა.