პროკურატურის განმარტებით, ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერის ჩანაწერში ასახულია მხოლოდ გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ადმინისტრაციულად დაკავების შემდგომი პერიოდი, რაზეც პროკურატურაში გამოკითხვისას პატრულ-ინსპექტორმა განმარტა, რომ ის სამხრე კამერით უწყვეტად იწერდა კონფლიქტის მონაწილე პირებთან გასაუბრებას, რის შემდგომაც სამხრე კამერა გამორთო და ჩართო მხოლოდ პაატა პავლიაშვილის ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და მისი შეუძლოდ გახდომის შემდგომ.
მეორე პატრულ-ინსპექტორის განმარტებით, მისი სამსახურებრივი სამხრე კამერა შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს განმუხტული იყო და ინახებოდა დამუხტვის მიზნით ავტომანქანაში. ამ კამერაზეც არ არის ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.
რაც შეეხება ავტომანქანაზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერას, მასზე არ აღმოჩნდა ინციდენტის პერიოდის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. პროკურატურაში განმარტავენ, რომ ის არ ფარავს იმ ტერიტორიას, სადაც განხორციელდა პაატა პავლიაშვილის დაკავება.
პროკურატურის ცნობით, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების შედაგად აღმოჩნდა გარე პერიმეტრის მხოლოდ ერთადერთი ვიდეოკამერა, რომლის ვიდეოჩანაწერიც ამოიღეს, თუმცა იგი არ ფარავს პაატა პავლიაშვილის ადმინისტრაციულად დაკავების ადგილს.
შეგახსენებთ, რომ თვითმხილველები პაატა პავლიაშვილის დაკავების დროს პატრულ-ინსპექტორების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ. უფლებადამცველები პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერებით გადაღებული კადრების გასაჯაროებას ითხოვდნენ. ამ მოთხოვნით მათ აქცია პროკურატურასთანაც გამართეს.