„მისი სურვილია, რომ მისი სახელი და გვარი არ იქნას გაჟღერებული. ის დაკავებულია მანამდე, სანამ ეს სპეცოპერაცია მოხდებოდა. როგორც ვიცი, მას არანაირი კავშირი არ აქვს ამ სპეცოპერაციასთან, არც ტერორისტულ ორგანიზაციასთან. საქართველოს მოქალაქე არ არის. რუსეთის მოქალაქეა“, - განაცხადა იმედა ქარქაშაძემ.
ოფიციალური ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელიც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან.
კითხვაზე, არის თუ არა სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულთა შორის ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების „იარმუკის“ მეთაური ახმედ ჩატაევი, გახარაიამ უპასუხა: „კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის დასრულებას“.
კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელის უმარ იდიგოვის განცხადებით, ოჯახი, რომლის წინააღმდეგაც თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა, საქართველოში ჩეჩნეთიდან იყო ჩამოსული.