weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბინაში ჩეჩნების ორშვილიანი ოჯახი შეუშვია - თინა გაურგაშვილი

13:12 შაბათი, 25 ნოემბერი 2017

„ჩემმა შვილმა მითხრა, არ ვიცოდი, ბინაში თუ ვინმე ცხოვრობდაო. გაირკვა, რომ ცოლისძმას ბინაში ჩეჩნების ორშვილიანი ოჯახი შეუშვია, მისთვის ორი კვირით დაბინავება უთხოვიათ“, - ამბობს რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში თინა გაურგაშვილი, რომელიც ფაქტობრივი მესაკუთრეა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე იმ ბინისა, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები ცხოვრობდნენ.

„რამდენი წელი ვაქირავებდით ამ ბინას. ხალხი ცხოვრობდა და არავითარი პრობლემა არ ყოფილა. ბოლო ოჯახმა ექვს თვეზე მეტი ხნის წინ დატოვა ბინა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ბინა ცარიელია. საერთოდ რა ხდება, ღამით შევიტყვე, სრულიად შემთხვევით, როცა ფეისბუკში შევედი. ვნახე ტელეკადრები და ვიცანი ჩემი ბინის აივანი და ეზო, მაგრამ სხვა ქუჩას ასახელებდნენ. თურმე, მას შემდეგ, რაც გადავსახლდით, ქუჩისთვის სახელი შეუცვლიათ. ეს, ცხადია, არ ვიცოდი. მაგრამ იმის გამო, რომ ჩემი ბინა ცარიელი იყო, ვიფიქრე, რომ, რაც ხდებოდა, არ შეიძლებოდა ჩემს ბინასთან ყოფილიყო დაკავშირებული.

ღამე იყო, ასე, სამი საათი. რამდენჯერმე ავკრიფე ჩემი ვაჟის ნომერი, მაგრამ არ მიპასუხა. ეძინა. დავუტოვე შეტყობინება, როგორც კი წაიკითხავ, დამირეკე-მეთქი. მივწერე ტელეკადრების შესახებ და ვუთხარი ჩვენს ქუჩასა და ეზოზე: გამაგებინე, რა ხდება-მეთქი. მანამდე ერთი ხუთი დღით ადრე მქონდა დარეკილი შვილთან - მაშინ ვთხოვე, თბილისში ხალხი მოეძებნა და მათთვის გასაღები გადაეცა. დილას შვილმა მომწერა, სამსახურში მივდივარო. ახმეტის რაიონში, ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს. მერე ისევ დამირეკა და მეუბნება, მეზობელს დავუკავშირდი და იმან მითხრა, თქვენს ბინაში სპეცოპერაციას ატარებენო. მე ვკითხე: შენ რა, მდგმურები შეუშვი და მე არ გამაფრთხილე-მეთქი? შვილმა მიპასუხა, ჯერ არაო, მაგრამ ცოლისძმისთვის მიუცია გასაღები და იმას სწორედ იმ დღეს უნდა დაებრუნებინა. ღამით ბინაში, ალბათ, ის დარჩა. და, როგორც ირკვევა, ის სამართალდამცველებმა წაიყვანეს. მერე ჩემი შვილიც აღარ პასუხობდა ზარებს. თურმე, ისიც დაეკავებინათ. ისევ დავიწყე ახალი ამბების ყურება. ვხედავ, ჩემი ბინა იწვის, ჩემი მეზობლების ბინები იწვის. გუშინწინ (22 ნოემბერს), ნაშუადღევს გამოუშვეს ჩემი შვილის ცოლისძმა. ხოლო გუშინ (23 ნოემბერს), დილის 4-ზე, ჩემი ბიჭიც გაათავისუფლეს“, - ციტირებს რადიო „თავისუფლება“ თინა გაურგაშვილის კომენტარს, რომელიც რამდენიმე წელია ავსტრიაში ცხოვრობს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელიც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.

პროკურატურამ სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულ ს. დ-ს ბრალი წაუყენა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული რუსეთის მოქალაქეა.

კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელის უმარ იდიგოვის განცხადებით, ბინაში, რომელიც სპეცოპერაციის სამიზნე იყო, 2 მამაკაცი, 1 ქალი და 2 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა. ამ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]