weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„8 ცხედარი ლიფტში იპოვეს. შუქი რომ გამორთეს, გაიჭედა და კვამლისგან გაიგუდნენ“

14:46 შაბათი, 25 ნოემბერი 2017

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 11 პირიდან, 8 ცხედარი ლიფტში აღმოაჩინეს, 1 აუზში, 1 კი სავარჯიშო დარბაზში - ამ ინფორმაციას გარდაცვლილთა ახლობლები ავრცელებენ.

მათი თქმით, მას შემდეგ, რაც სასტუმროში ხანძრის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, იქ მყოფებმა შენობის დატოვება სცადეს და ამ მიზნით ლიფტში შევიდნენ, რომლითაც ქვემოთ ჩასვლა სურდათ, თუმცა ელექტროენერგია გაითიშა და ისინი ლიფტში დარჩნენ. „არცერთ მათგანს არა აქვს რაიმე დაზიანება. გაგუდულები არიან“, - აღნიშნეს თვითმხილველებმა.ყველა გარდაცვლილი უკვე იდენტიფიცირებულია.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ჯუმბერ დიმიტრაძის განცხადებით, დაღუპულთაგან 4 ახალგაზრდა ხულოს მკვიდრია: ზაურ აბულაძე, დათო ქამადაძე, მარად შანთაძე და როინ ჯოყილაძე.

24 ნოემბერს, საღამოს 20:00 საათისთვის, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს. ექიმების განცხადებით, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ნაწილი უკვე გაწერეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სავარაუდოდ, შენობას სახანძრო უსაფრთხოების სისტემა არ აქვს. თვითმხილველები კი ამბობენ, რომ დაკვამლიანების შემდეგ როცა შუქი გაითიშა, სასტუმროში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა ჩაირთო და წყალი იღვრებოდა, თუმცა ადამიანებს სუნთქვა მაინც უჭირდათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სულხან ღლონტის განცხადებით, იმის გამო, რომ სასტუმრო „ლეოგრანდმა“ სახანძრო უსაფრთხოების ნაწილში კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა, მან 2017 წელს ტურიზმის დეპარტამენტის ხარისხის ნიშანი ვერ მიიღო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო-უსაფრთხოების ნორმების დარღვევას. ამ მუხლის მიხედვით, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ მოხდეს გამომწვევი მიზეზების სწრაფად დადგენა, რასაც მოყვება უმკაცრესი რეაგირება და დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ლეოგრანდი“ 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა. სასტუმროს საზეიმო გახსნის ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]