კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორს პროკურატურა პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას ედავებოდა. სასამართლომ მეორე ეპიზოდში ბრალდებული გაამართლა.
კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი 2017 წლის მაისში დააკავეს.
პროკურატურის განცხადებით, „ლანცეტის“ დირექტორმა, რომელსაც სანებართვო მოწმობის შესაბამისად, მოპოვებული ჰქონდა ორგანოთა გადანერგვისა და ტრანსპლანტაციის ნებართვა, 2016 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი, რომელსაც არ გააჩნდა საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი არცერთ საექიმო სპეციალობაში. „ლანცეტში“ ღვიძლის ტრანპლანტაციის მიზნით ორი ოპერაცია ჩატარდა და ორივე პაციენტი გარდაიცვალა.
პაციენტების გარდაცვალებამდე „ლანცეტის“დირექტორი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ერთ-ერთი პაციენტის კუთვნილ ფულად თანხას 99 204 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე პაციენტის შემთხვევაში, 2016 წლის 07 მარტს ბრალდებულის დავალებით, ოპერაციის ჩატარებამდე, დაჩქარებული წესით, მოტყუებით გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის შესაბამისადაც პაციენტს კლინიკის იურისტისთვის 2016 წლის 10 აპრილამდე უნდა გადაეხადა 40 000 აშშ დოლარი.
გამოძიების თანახმად ოპერაციის ჩატარებამდე, „ლანცეტის“ დირექტორი ვალდებული იყო პაციენტების, დონორების და მისი ოჯახის წევრებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც ახლდა ღვიძლის გადანერგვას და ასევე მოეხდინა მათი წარდგენა ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე და თანხმობა აეღო ოპერაციის ჩატარებაზე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული.
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პროკურატურამ იმ აზერბაიჯანელი ექიმის წინააღმდეგაც დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა.