სუს-ის ინფორმაციით, 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, არჩილ ტატუნაშვილის გარდა საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.
„საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით,არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოცემულ მომენტში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხელი ხაზის მეშვეობით, დე-ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან კატეგორიულად მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და ყველა ზემო ხსენებული პირის დაკავების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას. მომხდარ ფაქტზე აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მყისიერი და პრინციპული რეაგირება“,- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, სამხარაულის ექსპერტების ადგილზე შესვლა, რათა მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის პირველადი დათვალიერება.