weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ფაროსანა უბრალოდ მწერია, ამაზე ამდენი ყურადღება გადაჭარბებულია - მინისტრი

13:44 ორშაბათი, 26 თებერვალი 2018

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტში 2017 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. როგორც სხდომის დაწყებამდე დავითაშვილმა განაცხადა, ფაროსანა ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მაგრამ არა უმნიშვნელოვანესი.

„ფაროსანას გარდა ძალიან ბევრი მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში. ის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის, მაგრამ არა ერთადერთი და არა უმნიშვნელოვანესი. რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის სასოფლო-სამეურნეო მავნებელი და მარტივად, რომ ვთქვათ, ის უბრალოდ მწერია. ასე რომ ამაზე ამდენი ყურადღების გამახვილება გადაჭარბებულიც არის. საპარლამენტო განხილვის მთავარი თემაც არ უნდა იყოს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, 2018 წელს, ფაროსანასთან საბრძოლველად სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია, ჩატარებულია ყველა მოსამზადებელი სამუშაო, რომელიც ფიტოსანიტარული შესაძლებლობების გასაძლიერებლად არის საჭირო.

დაახლოებით ერთი კვირის წინ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ აზიურ ფაროსანაზე დიდი საფრთხე ქვეყნის წინაშე არ არსებობს.

„მაქვს განცდა, რომ არასათანადოდ არის აღქმული პრობლემა, რომელიც ჩვენ გვექმნება მიმდინარე წელს. შეგახსენებთ გასულ წელს ფაროსანამ სამეგრელოს, იმერეთის სოფლებს, გურიას, აჭარას, პრაქტიკულად გადაუარა, ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. აზიური ფაროსანა არაფრით ჩამოუვარდება იმ პრობლემას, რომელიც ხანძრის დროს იყო ბორჯომში და იგივე დოზით კონსოლიდაცია მთავრობის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დანელიამ.

აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო, ლათ.: Halyomorpha halys) მავნებელი მწერია, რომელიც იკვებება მასპინძელი მცენარეებით. მავნებელი საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს. ზამთრის ძილიდან გამოსული აზიური ფაროსანა აპრილის ბოლოდან-მაისში იწყებს დამატებით კვებას და კვერცხდებას. 4-5 დღეში ჩნდებიან მოწითალო ნიმფები (მატლები). ფაროსანა მცენარით კვებას გაზაფხულზე იწყებს და გვიან შემოდგომამდე  აგრძელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]