weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ირაკლი შავაძეს სიცრუეში ადანაშაულებენ

15:22 ორშაბათი, 26 თებერვალი 2018

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ემიჯნებიან და სიცრუეს უწოდებენ მათი კოლეგის, ირაკლი შავაძის განცხადებებს. ირაკლი შავაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილს უფლებამოსილების გადამეტებასა და ზეწოლაში ადანაშაულებს. ათ მოსამართლეს მიაჩნია, რომ ირაკლი შავაძის ბრალდებები დავით მამისეიშვილის და სასამართლო კორპუსის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

„ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას სიცრუის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენივე კოლეგა ირაკლი შავაძე მიზანმიმართულად ავრცელებს სასამართლოს თავმჯდომარის დავით მამისეიშვილის წინააღმდეგ.

თითოეულ ჩვენგანს გათავისებული გვაქვს, რომ მოსამართლის კომპეტენტურობა, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა სასამართლომ შეასრულოს თავისი როლი კანონის უზენაესობის დაცვაში. მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეებმა ინდივიდუალურად დავიცვათ და პატივი ვცეთ იმ ნდობას, რომლითაც საზოგადოება ეკიდება მოსამართლის როლს და ვიზრუნოთ სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ასამაღლებლად და შესანარჩუნებლად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი ზემოხსენებული პრინციპების დაცვით საქმიანობს. გვინდა შევახსენოთ ბატონ შავაძეს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობას გაგვაჩნია მასზე ხანგრძლივი ურთიერთობა სასამართლოს თავმჯდომარესთან და არ ყოფილა არცერთი შემთხვევა დავით მამისეიშვილის მხრიდან ჩვენთან ურთიერთობის დროს, რომ კონკრეტულ განსახილველ საქმეზე ეთხოვა მისთვის „სასურველი“ გადაწყვეტილების მიღება.

პირიქით, მას ჩვენ ვიცნობთ არა როგორც სამსახურის უფროსს, არამედ როგორც ჩვენს მეგობარ კოლეგას, რომელიც რიგითი მოსამართლის დატვირთვით საქმიანობს და არ სარგებლობს არავითარი შეღავათით.

ბოლოს გვინდა გაკვირვება გამოვხატოთ ბატონი შავაძის განცხადებაზე, იმის შესახებ, რომ დავით მამისეიშვილი ორი წლის წინ მასზე ახდენდა ზეწოლას. მას ყველა ჩვენგანთან ჰქონდა პირადი კომუნიკაცია და შეეძლო რომელიმესთვის მაინც ეთქვა ამის შესახებ. არასოდეს, მას ამ თემაზე არცერთ ჩვენგანთან არ უსაუბრია. თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი (რასაც კატეგორულად გამოვრიცხავთ) ჩნდება კითხვა, რატომ დაელოდა ბატონი შავაძე მხოლოდ, მის უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას და მანამდე არ განაცხადა საჯაროდ მისივე განცხადებაში მითითებული ფაქტები.

ვემიჯნებით მოსამართლე ირაკლი შავაძის განცხადებებსა და ბრალდებებს. ვთვლით, რომ აღნიშნული მიმართულია როგორც სასამართლოს თავმჯდომარის – დავით მამისეიშვილის, ასევე სასამართლო კორპუსის დისკრედიტაციის და რეპუტაციის შელახვისკენ“, – ნათქვამია მოსამართლეების განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ მოსამართლეები – ჯუმბერ ბეჟანიძე, გოჩა ფუტკარაძე, ლევან გელოვანი, ინდირა მაშანეიშვილი, თამარ ბეჟანიშვილი, სალიხ შაინიძე, ხათუნა ბოლქვაძე, ირმა ტოგონიძე, ვიოლეტა ფორჩხიძე, გიორგი გრატიაშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]