weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბორჯომის საკრებულოსთან სპეცრაზმია მობილიზებული

12:05 ხუთშაბათი, 01 მარტი 2018

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის შენობასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული. სპეცრაზმელებით არის სავსე რამდენიმე ავტობუსი და სატვირთო მანქანა.

ბორჯომის საკრებულოს და მერიის შენობის შესასვლელში პოლიციელები დგანან და თანამშრომლების გარდა შიგნით არავის უშვებენ. შენობაში დილიდან თათბირობენ „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრები.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ერთადერთია საქართველოში სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს. საკრებულოს 28 დეპუტატიდან 13 „ქართულ ოცნებას“, 15 კი ოპოზიციას წარმოადგენს. მათ შორის, 11 „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია, 2 - „ნაციონალური მოძრაობის“, თითო-თითო კი „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები არიან. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია საკრებულოს თავმჯდომარეც.

საკრებულოს უმრავლესობამ რამდენჯერმე უთხრა უარი მერიას და არ დაამტკიცა მერიის მიერ წარდგენილი საშტატო ნუსხა, რომელიც მერის ხელფასის გაზრდას ითვალისწინებს 900 ლარით, სამსახურის უფროსების კი 450 ლარით. საკრებულოს უმრავლესობას მიაჩნია, რომ ბორჯომში უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია მოსაგვარებელი, ვიდრე ჩინოვნიკების ხელფასების გაზრდა. უმრავლესობა მერიას სთავაზობს, სამსახურის უფროსების ხელფასი 150 ლარით, მერის კი 200 ლარით გაიზარდოს. საშტატო ნუსხის დაუმტკიცებლობის გამო, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები 2 თვეა ხელფასს ვერ იღებენ.

საკრებულოს მუშაობაში არ მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ წევრები. ხანგრძლივი ბოიკოტის შემდეგ ისინი სხდომაზე 28 თებერვალს პირველად მივიდნენ. მას შემდეგ რაც უმრავლესობამ მერიის თანამდებობის პირებისთვის ხელფასების მნიშვნელოვნად გაზრდაზე ისევ უარი თქვა, საკრებულოს წევრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ბორჯომის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია და „ევროპული საქართველოდან“ პარლამენტის წევრი სერგო რატიანი მივიდნენ. მერიის თანამშრომლები მათ საკრებულოს სხდომათა დარბაზში არ უშვებდნენ და უცენზურო სიტყვებით აგინებდნენ. რამდენიმე საათის განმავლობაში როგორც საკრებულოში, ასევე მერიაში მუშაობა პარალიზებული იყო.

გვიან საღამოს მერიაში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი მივიდა და ბორჯომის მერს შეხვდა. ასევე, გვიან საღამოს საკრებულოს 17 წევრი შეიკრიბა და 13 ხმით 4-ის წინააღმდეგ მერიის საშტატო ნუსხა და ხელფასების გაზრდის საკითხი დაამტკიცა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგიჩიშვილი თავმჯდომარეობდა.

საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომის ოქმს და განკარგულებას ხელი არ მოაწერა. ზაზა ჩაჩანიძის განმარტებით, საკრებულოს წევრებს რიგგარეშე სხდომის მოწვევა იმავე დღეს არ შეეძლოთ და სხდომა არალეგიტიმური იყო. საკრებულოს თავმჯდომარე წევრებს რიგგარეშე სხდომის მოწვევას ერთი კვირის შემდეგ სთავაზობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ, მოთხოვნის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერთი კვირის ვადაში არ მოიწვევს რიგგარეშე სხდომას, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს.

ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატის გედევან ფოფხაძის განცხადებით, ბორჯომში პოლიტიკური კრიზისია და ამ ვითარებიდან გამოსავალი არსებული საკრებულოს დაშლა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა.

 

ამ თემაზე:

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს და ოპოზიციონერ წევრებს პოლიცია შენობაში არ უშვებს

საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს შენობაში საფრთხის აცილების მიზნით არ ვუშვებთ - შსს

აღმაშფოთებელია რომ ჩინოვნიკების ხელფასის გაზრდა სპეცრაზმის ჩარევით ხდება - ეკა გიგაური

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]