weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს შენობაში საფრთხის აცილების მიზნით არ ვუშვებთ - შსს

13:36 ხუთშაბათი, 01 მარტი 2018
საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს შენობაში საფრთხის აცილების მიზნით არ ვუშვებთ - შსს ფოტო © სამხრეთის კარიბჭე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და ოპოზიციონერ წევრებს, საკრებულოს შენობაში დაპირისპირების და საფრთხის თავიდან აცილების მიზნით არ უშვებენ. 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის შენობაში მობილიზებული არიან სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს გუშინ მომხდარი ინციდენტების გამო.

მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ბორჯომის ცენტრში იმყოფებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, რათა თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი ინციდენტი. რაც შეეხება საკრებულოს შენობაში თავმჯდომარის და ოპოზიციონერი წევრების არშეშვებას, აკრძალვა დროებით დაწესებულია დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად პოლიციის შესახებ კანონის თანახმად“, - უთხრა „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო ცხადაძემ.

პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, პოლიციელი უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს გარკვეული ადგილის განსაზღვრული დროით დატოვება ან აუკრძალოს მას კონკრეტულ ტერიტორიაზე შევლა, თუ ეს აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული შეზღუდვა შესაძლებელია გაგრძელდეს საფრთხის აღმოფხვრამდე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიძეს და ოპოზიციური პარტიებიდან საკრებულოს წევრებს პოლიცია დღეს დილიდან შენობაში არ უშვებს. „ეს არის ძალადობა პოლიციის მიერ. ისინი კანონს უნდა იცავდნენ და ამ შემთხვევაში არღვევენ. განმარტებასაც არ გვაძლევენ, რატომ არ გვიშვებენ შენობაში“, - განაცხადა ზაზა ჩაჩანიძემ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის შენობასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 100-ზე მეტი თანამშრომელია მობილიზებული.

ბორჯომის საკრებულო ერთადერთია საქართველოში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს. საკრებულოს უმრავლესობას მერიის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმის გამო დაუპირისპირდნენ, რომ უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა მუნიციპალიტეტის მერისთვის ხელფასის 900 ლარით, ხოლო მერიის სამსახურების უფროსებისთვის 450 ლარით გაზრდას. „ქართული ოცნების“ აქტივისტები და მერიის მოსამსახურეები საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]