„პატრულ-ინსპექტორები კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ და გამოიყენეს პროპორციული ძალა. მოქალაქე გიორგი ქიტოშვილი იყო მგზავრი. სამართალდამრღვევ მძღოლს არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა საპატრულო პოლიციასთან, მგზავრი გადმოვიდა და პატრულ-ინსპექტორებს ხელს უშლიდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში. არაერთგზის მოწოდებას, რომ წასულიყო და დამჯდარიყო მანქანაში, არ ემორჩილებოდა პატრულ-ინსპექტორის კანონიერ მოთხოვნებს. ამის შემდეგ მათ მოახდინეს მისი დაკავება. ვნახე ვიდეოკადრები ასევე სხვა კადრებიც მაქვს ნანახი, პოლიციამ პროპორციული ძალა გამოიყენა, არანაირ გადამეტებას ადგილი არ ჰქონია“, – აღნიშნა თეიმურაზ კუპატაძემ.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი ქიტოშვილი თელავში, დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფის მიზეზით 6 მარტს დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ ახალგაზრდას საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ზემოდან აწვება და ყელში უჭერს, რის გამოც ის პოლიციელებს რამდენჯერმე მიმართავს, რომ სუნთქვა უჭირს. გიორგი ქიტოშვილის მეგობარი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა, ამბობს, რომ ქიტოშვილი გაჩერების და დაჯარიმებას აპროტესტებდა. მისივე თქმით, გიორგი ქიტოშვილს პოლიციის თანამშრომლებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ქიტოშვილი დააკავეს, გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა), რაც გამოიწვევს 250 ლარიდან 2000 ლარამდე დაჯარიმებას ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე თელავის რაიონულ სასამართლოს დღეს უნდა განეხილა, თუმცა სასამართლო სხდომა 30 მარტისთვის გადაიდო. მოსამართლე თამარ კაპანაძემ ბრალდების მხარეს კანონდარღვევის ამსახველი ვიდეომტკიცებულებების წარდგენა დაავალა.