weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აზიური ფაროსანას გამო ზუგდიდის სოფლებში თხილის ბაღებს ჩეხავენ

16:41 ორშაბათი, 12 მარტი 2018
აზიური ფაროსანას გამო ზუგდიდის სოფლებში თხილის ბაღებს ჩეხავენ ფოტო © JAMnews

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მოსახლეობა თხილის ბაღებს ჩეხავს. სოფლის მცხოვრებლების თქმით, ამის მიზეზი აზიური ფაროსანას მიერ თხილის კულტურის განადგურება და გავრცელებული დაავადებებია.

„საკუთარი ხარჯებითაც შევწამლე და სახელმწიფო პროგრამითაც ორჯერ შეიწამლა, მაგრამ შედეგი არ იყო. ორ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 40 ლარის მოსავალი ავიღეთ. 200 ძირი თხილი ამოვძირკვე, აქ კიდევ 200 მაქვს ამოსაძირკვი. მეორე ფართობიც მაქვს, იქაც უნდა გავჩეხო და სხვა კულტურებით ჩავანცვლო“, - ციტირებს ადგილობრივი ფერმერის, გიორგი ნარმანიას კომენტარს ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესი“.

„ყოველ წელს 5 ტონამდე მოსავალი გვქონდა. შარშან ერთი კილოგრამი არ ამიღია. სულ ფაროსანამ გააფუჭა“, - ამბობს კახათის მკვიდრი მურთაზ დგებუაძე.

აზიურმა ფაროსანამ გასულ წელს სამეგრელოში მოსავლის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით კი თხილი და სიმინდი გაანადგურა. წელს მავნებლის მასობრივად გავრცელება აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებშიც არის მოსალოდნელი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სამოქმედო გეგმა 4 ძირითად მიმართულებას მოიცავს, ესენია: საინფორმაციო კამპანია, მონიტორინგის სისტემა, კონტროლის ღონისძიებები და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოები. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოში მისი ბუნებრივი მტრის, მათ შორის, იაპონური კრაზანის შემოყვანის საკითხიც განიხილება. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ განაცხადა, ამისათვის საჭიროა ჩატარდეს სამეცნიერო კვლევები, რაც ჯერ არ დაწყებულა.

აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო) მავნებელი მწერია, რომელიც მცენარეებით იკვებება. მავნებელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მწერმა მეთხილეობის დარგს 2016 წელს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. 2017 წელს აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც გავრცელდა და ზარალი კიდევ უფრო გაიზარდა. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს. ზამთრის ძილიდან გამოსული აზიური ფაროსანა აპრილის ბოლოდან-მაისში იწყებს დამატებით კვებას და კვერცხდებას. 4-5 დღეში ჩნდებიან მოწითალო ნიმფები (მატლები). ფაროსანა მცენარით კვებას გაზაფხულზე იწყებს და გვიან შემოდგომამდე აგრძელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]