weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იქნებ ჟურნალისტებს ერთთვიანი წვრთნა ჩაუტარდეთ, რომ სწორად მეტყველება შეძლონ - ალიბეგაშვილი

16:24 სამშაბათი, 13 მარტი 2018

„სახელმწიფოს მხრიდან იქნებ გამოინახოს რესურსები, რომ ჟურნალისტებს ერთთვიანი წვრთნა ჩაუტარდეთ, რათა სწორი მეტყველება შეძლონ“, - ამის შესახებ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

„მე ძველი თაობის წარმომადგენელი ვარ და პირდაპირ მეტყველების კულტურის სწავლება ხდებოდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ახლა იცით რა ხდება და როგორი ქაოსია, მიმდინარეობს ტერმინების აღრევა. იმ დღეს ჩვენი საამაყო რაგბისტების თამაშს ვუყურებდი, გამოდის ჟურნალისტი და ამბობს, „ძალიან კრეატიული რაგბისტია“. კეკლუცობენ, რომ ტერმინები იციან. ბოდიში, მაგრამ ამ დროს სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს. ჟურნალისტებში ვგულისხმობ სპორტულ ჟურნალისტებსაც, ვინაიდან ახალგაზრდობა და საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ სპორტს უყურებს“, - განაცხადა ალიბეგაშვილმა.

დეპუტატმა გუგული მაღრაძემ ალიბეგაშვილს მიმართა, რომ კარგი იქნება, თუ გამართული მეტყველებისთვის ჟურნალისტები და მასწავლებლები წელიწადში ერთხელ მაინც სპეციალურ სავალდებულო ტრენინგს გაივლიან, რადგანმათ ყველაზე მეტი ზეგავლენა აქვთ საზოგადოებაზე.

პარლამენტის წევრის თეიმურაზ ჭკუასელის შეფასებით, რაც დღეს ქართულ ენასთან მიმართებაში ხდება კატასტროფაა. ჭკუასელმა ყურადღება საჯარო სივრცეებში არსებულ წარწერებზე გაამახვილა და გამოვიდა ინიციატივით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით კვირაში ერთხელ მოხდეს იმ წარწერების ჩვენება, რომელიც შესაცვლელია.

„მაგალითად, „ელიტ ელექტრონიქსს“ თბილისი გავსებული აქვს თავისი რომელიღაც ტელევიზორის რეკლამით, სადაც უზარმაზარ ბილბორდებზე წერია: „მარტო შენთვის“. ამ დროს უნდა იყოს „მხოლოდ შენთვის“. „ზედაზენის ცნობილი რეკლამაა, სადაც დღე და ღამე მღერიან ეთერში: „მიყვარს მარტო ზედაზენი“. მალე, ალბათ, ცნობილ რომანსს „მხოლოდ შენ ერთს“ იმღერებენ - „მარტო შენ ერთს“. გარდა ამისა, აფთიაქში შეხვალ და წერია: „გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება“. ერთხელ მწარედ ვკითხე: „ქალბატონო, წინ მიიღება-მეთქი?“.  არის წარწერა „კარები გააღეთ შიგნით“. შე დალოცვილო, დაწერე „შეაღე“ - და დამთავრდა, ერთი სიტყვა სჭირდება ამას. პოლიკლინიკებში სულ ამას ვაქცევ ყურადღებას - არის ბევრი ისეთი წარწერა, რომელიც უცხოურიდან არის თარგმნილი და იმ წინადადებას, რომელსაც ქართულად 6 სიტყვა სჭირდება, არის 12-სიტყვიანი, რადგან თარგმნილია ცუდად“, – განაცხადა ჭკუასელმა.

ენის სახელმწიფო დეპარტამენტი გასული წლის დეკემბერში შეიქმნა და მის ხელმძღვანელად თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დაინიშნა. ენის დეპარტამენტის ძირითადი მიზნებია სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვა; სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია; ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენა და დამკვიდრება; სახელმწიფო ენის განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება/ხელშეწყობა. დეპარტამენტი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ენის გამოყენების სფეროში არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად რეკომენდაციებით მიმართავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]