weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ავარია, რომელსაც 21 წლის ბექა ხახუბია ემსხვერპლა – რას ყვებიან თვითმხილველები

16:44 ორშაბათი, 22 მაისი 2017
ავარია, რომელსაც 21 წლის ბექა ხახუბია ემსხვერპლა – რას ყვებიან თვითმხილველები ფოტო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

„დილის 4 საათი იყო. ტრაილერი გორის გასასვლელში, გვირაბთან მქონდა გაჩერებული და მეძინა. პატრულ–ინსპექტორმა გამაღვიძა, გზა გადამიკეტეო. რატომ მეთქი და რომ გეუბნები, გზა გადაკეტეო. დავქოქე მანქანა, გზა გადავკეტე, ჩამოვედი, მივედი პატრულთან და ვეკითხები, რატომ გადამაკეტინე მეთქი. მოცილდი აქედანო“, – ყვება ტრაილერის მძღოლი გიორგი ღლონტი „რუსთავი 2“–თან ინტერვიუში, 16 მაისს, გამთენიისას, გორთან მომხდარი ავარიის დეტალებს, რომლის შედეგადაც 21 წლის ბექა ხახუბია ადგილზე დაიღუპა. იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების უკანონო ქმედებას ემსხვერპლა.

ტრაილერის მძღოლის თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გზის გვერდულის გადაკეტვის მიზნით, მანქანის გაჩერება მოსთხოვეს ევაკუატორის მძღოლსაც.

„ევაკუატორს გააჩერებინეს ჩემ წინ, გვერდით, დააკეტინეს გზა, რომ არ გამძრალიყო“, – ამბობს გიორგი ღლონტი.

„რუსთავი 2“ ევაკუატორის მძღოლის რომან ნოდიას ჩვენებასაც ავრცელებს.  

„პატრულს ფანჯრიდან გავძახე, რა ხდება უფროსო, ხომ მშვიდობაა მეთქი. გააჩერეო, ხელმეორედ დამიძახა, დამიყვირა იქიდან და ხელის მუხრუჭი ამოვწიე, გავაჩერე და ჩასვლა მინდოდა, რა ხდება, გავარკვევ მეთქი. უკნიდან მაგრად დამარტყა ვიღაცამ და ტრაილერს შეასკდა, რომელიც ჩემ წინ იდგა. მე რომ 100 კილომეტრ საათი სიჩქარით მევლო, ვერც მე გავაჩერებდი მანქანას, დავეჯახებოდი მეც ტრაილერს. მე მოვდიოდი 40-50 კმ სთ სიჩქარით“, – აღნიშნავს რომან ნოდია.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ბექა ხახუბიას, რომელიც BMW–ს მარკის ჯიპით მოძრაობდა, გვირაბის გასასვლელში ტრაილერით გზა მას შემდეგ ჩაუკეტეს, რაც მძღოლი არ დაემორჩილა სამართალდამცავების მოთხოვნას გაეჩერებინა ავტომანქანა, რის შემდეგაც მისი დევნა დაიწყეს. ინფორმაცია ამის შესახებ პირველად პოლიციელთა რეფორმირების ცენტრის წარმომადგენელმა ზვიად კუპრავამ გაავრცელა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საპატრულო პოლიციის არასწორი დევნის შედეგად ადამიანები იღუპებიან. საპატრულო პოლიცია არ არის აღჭურვილი „ზღარბი პოლიციელებით“, რომლითაც უსაფრთხოდ და უვნებლად შეიძლება ავტომანქანის გაჩერება და დამრღვევ ავტომანქანებს სრულიად უკანონოდ ტრაილერებით უკეტავენ გზას“, – აღნიშნავს კუპრავა.

ავტოსატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმე გამოსაძიებლად პროკურატურამ გაითხოვა. მთავარი პროკურატურის წარმომადგენლის ნათია სუხიაშვილის განცხადებით, გამოძიება იგივე მუხლით მიმდინარეობს.

ბექა ხახუბია ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას შვილი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]