„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ტელეკომპანიის შენობასთან „ქართული მარშის“ აქტივისტებმა აქცია გამართეს და გიორგი გაბუნიას შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
„არხის სახელით მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა ტელეკომპანიის ჟურნალისტის განცხადებებით. თუმცა, ამ მორწმუნეებში არ ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც დღეს აქ იყვნენ. ეს ადამიანები ჩვენს მიერ არ განიხილებიან ქრისტიანებად. ჩვენს მიერ არცერთი მოძალადე არ განიხილება ქრისტეს მიმდევრად. „რუსთავი 2“-ის ეთიკის საბჭომ განიხილა განცხადება, რომელიც ეხებოდა კონკრეტული პირების რელიგიური გრძნობების შელახვას გიორგი გაბუნიას განცხადებების გამო. ყველას შევახსენებ, რომ იესო ქრისტე არ არის მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრება, იგი არის ყველა ქრისტიანული კონფესიის საკუთრება და მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ლახავს ყველა ქრისტიანული კონფესიის წევრის პირად რელიგიურ გრძნობებს. ეთიკის კომისიამ იმსჯელა ამ საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოეცხადოს საყვედური, რამეთუ მის მიერ აზრის გამოხატვა არღვევდა, ლახავდა ქრისტიან მორწმუნეთა პირად რელიგიურ გრძნობებს. მით უფრო იმ გარემოებაში, როდესაც ამის ლეგიტიმური და კრიტიკული ინტერესი არ არსებობს, აღნიშნული ქმედებებისგან ჟურნალისტმა თავი უნდა შეიკავოს“, - განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, ჟურნალისტის განცხადება, იმ პირობებშიც კი, როდესაც ის არ ჯდება „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკაში, სრულად ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში.
„გიორგი გაბუნია საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის. არხს შეუძლია მხოლოდ საკუთარი დამოკიდებულება გამოხატოს საჩივრის საფუძველზე, მაგრამ არ და ვერ აიძულებს ჟურნალისტს გამოხატოს საკუთარი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, ბოდიში მოიხადოს და ა.შ.“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამიას თქმით, „რუსთავი 2“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულს, რომელიც ორგანიზებული იქნა „ქართული მარშის“ მიერ.
„ე.წ. „ქართული მარში“ არ წარმოადგენს არც ქრისტიანულ ძალას და არც საქართველოს ინტერესების დამცველ ძალას. ეს არის მოძალადე, რუსული ორიენტაციის და იქიდანვე დაფინანსებული ძალა, რომელიც პერიოდულად და სისტემატურად ჩადის სისხლის სამართლის დანაშაულებს. ჩვენი შეფასებით, ადგილი ჰქონდა თავისუფლების უკანონო აღკვეთას რაც წარმოადგენს მძიმე დანაშაულს და მოვითხოვთ, ხელისუფლებისგან ამ დანაშაულში მონაწილე ცალკეული პირების და ორგანიზატორების მკაცრად, სისხლისსამართლებრივი წესით დასჯას“, - აღნიშნა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა.
„რუსთავი 2“-თან მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავა. დაკავებულები „ქართული მარშის“ აქტივისტები არიან. ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, რა დროსაც ერთ-ერთი ჟურნალისტი დაშავდა, გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.