weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

რუსთავი 2-ის ეთიკის საბჭომ გიორგი გაბუნიას საყვედური გამოუცხადა

21:25 ორშაბათი, 19 მარტი 2018

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის სახელით ბოდიში მოიხადა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ ქრისტესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო. როგორც გვარამიამ განაცხადა, „რუსთავი 2“-ის ეთიკის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გიორგი გაბუნიას გამოუცხადოს საყვედური, რადგან „მის მიერ აზრის გამოხატვა ლახავდა ქრისტიან მორწმუნეთა პირად რელიგიურ გრძნობებს“.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ტელეკომპანიის შენობასთან „ქართული მარშის“ აქტივისტებმა აქცია გამართეს და გიორგი გაბუნიას შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

„არხის სახელით მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა ტელეკომპანიის ჟურნალისტის განცხადებებით. თუმცა, ამ მორწმუნეებში არ ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც დღეს აქ იყვნენ. ეს ადამიანები ჩვენს მიერ არ განიხილებიან ქრისტიანებად. ჩვენს მიერ არცერთი მოძალადე არ განიხილება ქრისტეს მიმდევრად. „რუსთავი 2“-ის ეთიკის საბჭომ განიხილა განცხადება, რომელიც ეხებოდა კონკრეტული პირების რელიგიური გრძნობების შელახვას გიორგი გაბუნიას განცხადებების გამო. ყველას შევახსენებ, რომ იესო ქრისტე არ არის მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრება, იგი არის ყველა ქრისტიანული კონფესიის საკუთრება და მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ლახავს ყველა ქრისტიანული კონფესიის წევრის პირად რელიგიურ გრძნობებს. ეთიკის კომისიამ იმსჯელა ამ საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოეცხადოს საყვედური, რამეთუ მის მიერ აზრის გამოხატვა არღვევდა, ლახავდა ქრისტიან მორწმუნეთა პირად რელიგიურ გრძნობებს. მით უფრო იმ გარემოებაში, როდესაც ამის ლეგიტიმური და კრიტიკული ინტერესი არ არსებობს, აღნიშნული ქმედებებისგან ჟურნალისტმა თავი უნდა შეიკავოს“, - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, ჟურნალისტის განცხადება, იმ პირობებშიც კი, როდესაც ის არ ჯდება „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკაში, სრულად ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში.

„გიორგი გაბუნია საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის. არხს შეუძლია მხოლოდ საკუთარი დამოკიდებულება გამოხატოს საჩივრის საფუძველზე, მაგრამ არ და ვერ აიძულებს ჟურნალისტს გამოხატოს საკუთარი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, ბოდიში მოიხადოს და ა.შ.“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, „რუსთავი 2“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულს, რომელიც ორგანიზებული იქნა „ქართული მარშის“ მიერ.

„ე.წ. „ქართული მარში“ არ წარმოადგენს არც ქრისტიანულ ძალას და არც საქართველოს ინტერესების დამცველ ძალას. ეს არის მოძალადე, რუსული ორიენტაციის და იქიდანვე დაფინანსებული ძალა, რომელიც პერიოდულად და სისტემატურად ჩადის სისხლის სამართლის დანაშაულებს. ჩვენი შეფასებით, ადგილი ჰქონდა თავისუფლების უკანონო აღკვეთას რაც წარმოადგენს მძიმე დანაშაულს და მოვითხოვთ, ხელისუფლებისგან ამ დანაშაულში მონაწილე ცალკეული პირების და ორგანიზატორების მკაცრად, სისხლისსამართლებრივი წესით დასჯას“, - აღნიშნა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა.

„რუსთავი 2“-თან მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავა. დაკავებულები „ქართული მარშის“ აქტივისტები არიან. ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, რა დროსაც ერთ-ერთი ჟურნალისტი დაშავდა, გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]