„ძირითადი ამოცანა იყო ჩვენი მოკლული გმირი, მოქალაქე, ღირსეულად მიგვებარებინა მიწისთვის. ახლა უკვე ჩვენი ძირითადი ამოცანაა გამოძიება. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია ექსპერტიზის მონაცემები, რომლის შემდგომაც უკვე გამოძიება აქტიურ ფაზაში გადავა. ველოდებით ექსპერტიზის მონაცემებს, რომელიც სამხარაულის ბიურომ დასკვნის სახით უნდა გადმოგვცეს. ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, – განაცხადა გახარიამ წილკანში.
დღეს არჩილ ტატუნაშვილს სამხედრო პატივით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
არჩილ ტატუნაშვილი „წითელი ჯვრის“ ჩართულობით, ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს, რის შემდეგაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ექსპერტიზა ჩაუტარდა. წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც სპეციალისტების განცხადებით, დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს.
არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ოკუპირებულ ახალგორში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 22 თებერვალს დააკავეს.
35 წლის არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ის წამებით მოკლეს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით კი, ტატუნაშვილი გულის უკმარისობით დაიღუპა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებდა, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის შემდეგ მოხდებოდა, ექსპერტიზისთვის კი მასალები რუსეთში ჰქონდათ გაგზავნილი.
ქუტაშვილს და პავლიაშვილს დოკუმენტები ჰქონდათ ჩამორთმეული და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მათ ოკუპირებული ახალგორის დატოვების შესაძლებლობა 11 მარტს მიეცათ.