weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს

17:27 შაბათი, 24 მარტი 2018
ფოტოზე არჩილ ტატუნაშვილის მამა ფოტოზე არჩილ ტატუნაშვილის მამა ფოტო © პრეზიდენტის ადმინისტრაცია

არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სავარაუდოდ წამებით მოკლეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვას საქართველოს პრეზიდენტი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პოლიტიკოსები, სასულიერო პირები და რიგითი მოქალაქეებიც ესწრებოდნენ.

„დღეს მშობლიურ მიწას მივაბარეთ ღირსეული მამულიშვილი არჩილ ტატუნაშვილი. ამავე დროს, დღეს ვნახეთ ოკუპანტის ნამდვილი სახე. ეს არის ადამიანის გამტაცებელი და წამებით მომკვლელი. ამ მკვლელობის შემდეგ კიდევ უფრო დიდი მუხანათობა დაიგეგმა, რომ თითქოს შეურაცხყოფა მოეყენებინათ ჩვენთვის არჩილის გვამის არგადმოცემით. დღეს, ჩვენ აქ ვნახეთ ერთიანი საქართველო, რომელმაც ამ ყველაფერს ღირსეული პასუხი გასცა. ჩვენ ვნახეთ ტრაგედიით არა გახლეჩილი არამედ გაერთიანებული საზოგადოება“, - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

„არჩილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი. მან წამებით საქართველოს სიყვარულს, მისი ღირსების დაცვას შესწირა თავი. საქართველო არასდროს დაივიწყებს თავის გმირს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე წეროვანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან გადაასვენეს. მანამდე სამი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვილი წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის სახლში მიმდინარეობდა.

არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ოკუპირებულ ახალგორში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 22 თებერვალს დააკავეს.

35 წლის არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ის წამებით მოკლეს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით კი, ტატუნაშვილი გულის უკმარისობით დაიღუპა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებდა, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის შემდეგ მოხდებოდა. ქუტაშვილს და პავლიაშვილს დოკუმენტები ჰქონდათ ჩამორთმეული და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მათ ოკუპირებული ახალგორის დატოვების შესაძლებლობა 11 მარტს მიეცათ.

ქართული მხარე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ის „წითელი ჯვრის“ ჩართულობით, ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს, რის შემდეგაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ექსპერტიზა ჩაუტარდა. წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც სპეციალისტების განცხადებით, დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს.

23 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]