weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდში ლავრენტი ბერიას ქუჩისთვის გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭებას ითხოვენ

09:37 ხუთშაბათი, 29 მარტი 2018

არასამთავრობო ორგანიზაციები ზუგდიდში მდებარე ლავრენტი ბერიას ქუჩისთვის სახელის გადარქმევას და 2016 წელს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭებას ითხოვენ.

ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ მოთხოვნით ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს გუშინ მიმართა. არასამთავრობოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ „საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში განხორციელებული ტერორის ავტორების სახელებისგან ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს მით უფრო იმ ფონზე, რომ საოკუპაციო რეჟიმი უდანაშაულო ადამიანებსაც კლავს“.

30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. მას შელაპარაკება მოუვიდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მდგომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლებთან - ე.წ. მესაზღვრეებთან. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით გიგა ოთხოზორიამ დატოვა გამშვები პუნქტის ტერიტორია და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა. მას დაედევნენ ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები, მათ შორის, შეიარაღებული მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რამდენჯერმე ესროლა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით, რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ იქნა ცნობილი გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენისა და ტარებისთვის და მას სასჯელის სახით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღეის მდგომარეობით რაშიდ კანჯი-ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.

გიგა ოთხოზორიას საქმეზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. 

2018 წლის 21 მარტს, საქართველოს პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია. პარლამენტი მთავრობას მიმართავს, მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ დასახელებულ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.

 

მსგავი თემა:

ზუგდიდში სოფლებისა და ქუჩების საბჭოთა სახელწოდებების შეცვლას ითხოვენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]