„გონება არ დამიკარგავს. ენით აღუწერელი რაღაც იყო. ქარიშხალივით ტალღამ დამარტყა. ყველაზე უსაფრთხო ადგილზე მე ვიყავი, მაგრამ ისეთი დარტყმა იყო, იქიდანაც გადმომაგდო. მე ამას აფეთქებას ვერ დავარქმევ. ეს უკვე გამოძიების საქმეა. მე უფრო სამთო დარტყმას დავარქმევდი და ჩემი აზრით, ძალიან ძლიერი სამთო დარტყმა იყო. უსაფრთხოების წესები რაც არ უნდა იყოს, სამთო დარტყმისგან ვერ დაიცავს“, – ამბობს ირაკლი კირკიტაძე „რუსთავი 2“-თან.
ირაკლი კირკიტაძე საავადმყოფოში მკურნალობს. მის გარდა კიდევ ორი ადამიანია დაშავებული. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი პაციენტი რეანიმაციაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მეორეს კი მსუბუქი ტრავმები აქვს.
მინდელის შახტაში დღეს მომხდარი შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მინდელის შახტის მმართველი კომპანიის „საქნახშირის“ დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა განაცხადა, რომ შახტაში სამთო დარტყმა მოხდა, რომელმაც ჰაერის დიდი ჭავლი გატყორცნა. მისივე თქმით, სამთო დარტყმის პრევენცია ვერ ხერხდება.
მინდელის სახელობის შახტაში 2017 წლის მაისში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ოთხი მუშა დაიღუპა. იმავე წლის ოქტომბერში, შახტაში კიდევ ერთი მუშა დაიღუპა. ის მიწისქვეშა სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც სამთო მასა ჩამოიშალა და ქვეშ მოიყოლა.