weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არჩევნებზე 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 48.8%-ი იყო

18:22 შაბათი, 28 აპრილი 2018

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ვანისა და ხონის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 60-ვე საარჩევნო უბანზე 48.8% (23 485 ამომრჩეველი) შეადგინა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 3 საჩივარი, რომლებიც კანონის შესაბამისად, დადგენილ ვადებში განიხილება.

„რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმ ამომრჩევლების შესახებ, რომლებიც გადასატანი ყუთის მეშვეობით აძლევენ ხმას - საარჩევნო კოდექსის თანახმად, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე მაინც.

იმ შემთხვევაში თუ გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 3 %-ს, ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთა ორი მესამედით. ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე, საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისიებმა მიიღეს კანონთან შესაბამისი გადაწყვეტილებები. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებების კანონშესაბამისობა ეჭვქვეშ არ დამდგარა და არ გასაჩივრებულა.

რაც შეეხება უშუალოდ პროცესს - გადასატანი ყუთის სიაში არსებული ამომრჩეველი ხმას აძლევს მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით და ის საარჩევნო უბანზე მისვლის შემთხვევაში, ხმას ვეღარ მისცემს. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს მხოლოდ ერთხელ“, - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, 20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება საარჩევნო უბნები და დაიწყება ხმების დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებგვერდზე - www.results.cec.gov.ge.

ვანისა და ხონის N54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დღეს პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება. არჩევნებში სულ 6 კანდიდატი იღებს მონაწილეობას: გიორგი უგულავა, N2 – „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“; გიორგი ლილუაშვილი, N17 – „საქართველო“; ზურაბ ქართველიშვილი, N21 – „ტრადიციონალისტები“; მამუკა ტუსკაძე, N23 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“; გივი ჭიჭინაძე, N41 -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; ვასილ კოპალიანი, N42 – საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]