„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტროს გაჩერება არ მოხდეს. გაფიცვა მათი კონსტიტუციური უფლებაა. 1300 ლარი, 1400 ლარი, ეს შეიძლება არ იყოს დიდი ხელფასი, თუმცა ჩვენ გვყავს ადამიანები, ვისაც არანაკლები პასუხისმგებლობა აქვთ და იღებენ 700 ლარს, 800 ლარს, 400 ლარს. უბრალოდ ადამიანურად ასეთი მიდგომები გულდასაწყვეტია და ძალიან ცუდი. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომელთაც არანაკლები პასუხისმგებლობა აქვთ და იმ ადამიანებს აქვთ გაცილებით ნაკლები ხელფასი“, - განაცხადა კახი კალაძემ.
მისივე თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში, როდესაც „უკეთესი ეკონომიკური ზრდა და უფრო მეტი შესაძლებლობები იქნება“, ხელფასი მოიმატებს.
მემანქანეთა პროფკავშირების „ერთობა 2013“-ის წარმომადგენლები დღეს მეტრო „რუსთაველთან“ შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ იძულებულნი არიან, 3 მაისს გაიფიცონ, რაც მეტროპოლიტენის პარალიზებას გამოიწვევს. მემანქანეები ამბობენ, რომ მათი საათობრივი ანაზღაურება 6,92 ლარია და ორი წელია, რაც ამ თანხის 10 ლარამდე გაზრდას ითხოვენ. ამ საკითხზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.