„ტყიბული მდიდარი ქალაქია, რომელსაც სიღარიბეში აცხოვრებენ. მაგრამ უფრო დიდი ტრაგედია ის არის, რომ ბიზნესის თავგასულობას ეწირება ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე - ჩვენი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და თანაქალაქელების სიცოცხლე“, - ნათქვამია ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.
2017 წლის 9 მაისს, მაღაროში 400 მეტრის სიმაღლიდან ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც ლიფტში მყოფი 4 მაღაროელი გარდაიცვალა.
2017 წელს მინდელის სახელობის შახტაში ვითარება შეისწავლა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა და მძიმე დარღვევები გამოავლინა.
მინდელის სახელობის მაღაროში 2018 წლის 5 აპრილს ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დაღუპულები არიან 26 წლის პავლე გამეზარდაშვილი, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილი, 46 წლის მირზა ქურციკიძე, 50 წლის ბესიკ გურგენიძე, 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი და 59 წლის გოგი რაფავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ 2017 წელს, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 47 და დაშავდა 106 ადამიანი.
2017 წლის განმავლობაში, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, აქედან სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 13 შემთხვევაში.