weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

გერმანიიდან საქართველოს 60-მდე მოქალაქე გამოაძევეს

22:00 ოთხშაბათი, 09 მაისი 2018

გერმანიიდან თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების მორიგი დეპორტაცია განხორციელდა. ამჯერად სპეციალური რეისით დიუსელდორფიდან თბილისში საქართველოს 60-მდე მოქალაქე დააბრუნეს. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ ჩამოფრინდა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გერმანელმა სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა ქალაქში აიყვანეს. ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსის“ წარმომადგენელმა ირმა ცირამუამ განაცხადა, რომ დეპორტირებულთა შორის ძირითადად ვიზალიბერალიზაციის შემდეგ გერმანიაში წასული მოქალაქეები არიან, თუმცა, ზოგიერთი მათგანი გერმანიაში 3 და 7 წელი ცხოვრობდა.

„მათ მოითხოვეს თავშესაფარი და უარი ეთქვათ, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშია შესული. ევროპა და საქართველოც ვალდებული არიან შეასრულონ ხელმოწერილი ხელშეკრულებები და დააბრუნონ მოქალაქეები. საქართველოდან წასვლის ძირითად მოტივად მოქალაქეები ეკონომიკურ სიდუხჭირეს ასახელებენ. ამის გამო მიდიან და ბარდებიან თავშესაფარში. ძალიან ხშირად ითხოვენ თავშესაფარს სამედიცინო დახმარების საჭიროების გამო“, - განაცხადა ირმა ცირამუამ.

წელს ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გერმანიიდან თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეები უკან დააბრუნეს. 21 მარტს თბილისში სპეცრეისით 50-მდე ადამიანი ჩამოიყვანეს, 20 თებერვალს კი - 65. მათ შორის იყვნენ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც თავშესაფრის მიღებას სხვა ქვეყნებში ცდილობდნენ. 15 მარტს უვიზო რეჟიმის დარღვევის გამო ავსტრიიდან საქართველოს 11 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.

Deutsche Welle რამდენიმე დღის წინ იუწყებოდა, რომ ევროკავშირმა შესაძლოა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის განხილვა დაიწყოს. გამოცემა ამის მიზეზად სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნის მაჩვენებლის ზრდას ასახელებს.

არსებული მონაცემებით, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ გერმანიამ საქართველოს მოქალაქეების სამჯერ მეტი მოთხოვნა დაარეგისტრირა. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-მარტში, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციამდე, 601 განაცხადი იყო მიღებული, 2018 წლის ამავე პერიოდში კი - 1 771.

მარტის დასაწყისში საქართველოში იმყოფებოდა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელი ქრისტიან კლოსი, რომელმაც განაცხადა, რომ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქის განაცხადი უარყოფილია და მათ საქართველოში დაბრუნება მოუწევთ, მათ შორის იძულების წესით. კლოსის განმარტებით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და გერმანიაში არ მიაჩნიათ, რომ საქართველოს მოქალაქეების განაცხადები უნდა დაკმაყოფილდეს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]