weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აქციის მონაწილეებმა 9 აპრილის მემორიალთან ყვავილები მიიტანეს

16:09 კვირა, 13 მაისი 2018

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა 9 აპრილის მემორიალთან ყვავილები მიიტანეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ვახუშტი მენაბდის თქმით, ეს იყო სიმბოლური აქტი, რითიც მათ დაადასტურეს პატივისცემა 9 აპრილის მოვლენებში მონაწილეთა მიმართ.

„გუშინდელი მოქმედებები, მათ შორის მემორიალთან ცეკვა, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა აღიქვა როგორც უპატივცემულობა 9 აპრილის მოვლენების და იქ მონაწილე ადამიანების მიმართ. ჩვენ ამას უარვყოფთ, ვუპირისპირდებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ ადამიანებმა მოახერხეს, რომ დღეს დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში ვცხოვრობთ. მეტიც, ჩვენი ეს პროტესტი მათი პროტესტის ნაწილია. ჩვენ პატივისცემას გამოვხატავთ ამ პოლიტიკური აქტების მიმართ. ეს ცეკვაც უპატივცემულობა კი არ იყო, მათი პოლიტიკური აქტისთვის ხმის შეწყობა იყო, მათი გზის გაგრძელება იყო. თუ გუშინდელი მეტაფორა ვინმესთვის ბუნდოვანი იყო, კიდევ უფრო მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ პატივისცემას გამოვხატავთ ამ ადამიანების მიმართ და ქედს ვიხრით მათ წინაშე“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლის, ბექა წიქარიშვილის თქმით, მემორიალზე ცეკვა „ორგანიზაციული გადაცდომა“ იყო: „გადახედეთ ბოლო პერიოდის პროტესტებს, რაც აქ ტარდებოდა. ყველა პროტესტზე დაინახავთ, რომ აქ დგანან ადამიანები. არ ვთვლი, რომ ეს სწორი იყო და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს ჩვენი ორგანიზაციოული გადაცდომა იყო. ბევრი ვიყავით ძალიან, მუხტი იყო აწეულლი. ჩვენ პატივს ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავისუფლება მოგვიტანეს“.

პარლამენტთან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ორგანიზებით გუშინ დაწყებული აქცია დღეს განახლდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია - ისინი საპოლიციო რეჟიმის დასრულებას, პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 12 მაისს, გვიან ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში მდებარე ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. თვითმხილველების თქმით, ავტომატებით შეიარაღებული ათობით სპეცრაზმელი ღამის კლუბებში შევარდა. შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს ნარკოტიკების 8 რეალიზატორი. სამინისტრომ კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკების რეალიზაციის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა, რომელიც უწყების ცნობით ბოლო 3 თვის განმავლობაშია გადაღებული.

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ნარკოტიკების რეალიზაციაში ბრალდებული 8 ადამიანი სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე, 21:00 – 22:00 საათის შუალედში დააკავეს. ლომჯარიას თქმით, დაკავების დროს ისინი კლუბის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]