„გავერთიანდეთ BASSIANI / HOROOM-ის გადასარჩენად. www.bassiani.com/donate -ის საშუალებით, გთხოვთ, შემოუერთდეთ შემოწირულობას, იმისთვის, რომ დაეხმაროთ BASSIANI / HOROOM-ის გუნდს, რომ შევინარჩუნოთ სივრცე და დავიწყოთ სამართლებრივი დავები სახელმწიფოს მხრიდან წარმოებული ჩაგვრის წინააღმდეგ“, - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადმინისტრაციის თქმით, 13 მაისს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მიერ პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხისთვის მიცემული პირობა საგამოძიებო მოკვლევის, დამნაშავეთა გამოვლენის, უმკაცრესი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მუშაობის განახლებისა და კლუბის მფლობელებისთვის დაბრუნების თაობაზე, არ შესრულებულა.
„ჩვენ უკვე პირველ პარასკევს შევხვდით BASSIANI-ს გარეშე, კლუბი კვლავ დახურულია. BASSIANI-ის მუზარადის უკან გაბრაზებული, ახალი იდეებისთვის მებრძოლი ადამიანი დგას, რომელიც საკუთარი თავისუფლების მოსაპოვებლად უკან არ დაიხევს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბრძოლას უსამართლო სისტემისა და უთანასწორო გარემოს წინააღმდეგ“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია 12 მაისს, დაახლოებით, ღამის 01:00 საათზე ჩაატარა. შსს-მ განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა ნარკოტიკების 8 რეალიზატორი დააკავეს, თუმცა როგორც გაირკვა ბრალდებულები პოლიციამ სპეცოპერაციამდე აიყვანა.