საქონელს საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს პერიოდში დააბრუნებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოსავლენად გამოძიება გრძელდება.
ახალქალაქში, საზაფხულო საძოვრებიდან საგარეჯოელ მწყემსებს საქონელი ორი დღის წინ მოპარეს. ერთ-ერთი დაზარალებულის, გიორგი კევლიშვილის თქმით, ბოროტმოქმედები მწყემსებს თავს ღამის 1-ელ საათზე დაესხნენ.
„მწყემსები შეკრეს, ხელებსა და ფეხებზე ბორკილები დაადეს, პირი აუკრეს და საქონელი გაიტაცეს. ერთ საათში შევატყობინეთ პოლიციასაც, სასაზღვროსაც. თურქეთში რომ არის გადარეკილი, ყაჩაღობიდან 3-4 საათში, გათენებისთანავე დავადგინეთ. სულ 111 სული გვყავდა, ხბოების ჩათვლით. 65 მოპარული ძროხიდან 50 ჩემია, 15 კი სხვა საგარეჯოელი მწყემსების“, - უთხრა გიორგი კევლიშვილმა „რეგინფოს“.
ეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საზღვრისპირა სოფლებიდან საქონლის ქურდობის პირველი შემთხვევა არ არის. ადგილობრივების თქმით, გასული წლის შემოდგომაზე სოფელ დადეშიდან 20 ძროხა მოიპარეს და ამ შემთხვევაშიც საქონლის კვალი თურქეთამდე მიდიოდა.
ბოლო შემთხვევის გამო, 28 მაისს, სოფლების - ხავეთის, მიასნიკიანის, ბოზალის, დადეშის მცხოვრებლებმა და ასევე საგარეჯოელმა მწყემსებმა საპროტესტო აქცია გამართეს და თურქეთთან დამაკავშირებელი, ახალქალაქი-კარწახის გზა გადაკეტეს. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ბოროტმოქმედების დაკავებას, საქონლის დაბრუნებას და საქართველო-თურქეთის საზღვარზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ.