weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტატუნაშვილის წამებაში ბრალდებულებს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ

00:17 შაბათი, 16 ივნისი 2018
ფოტოზე არჩილ ტატუნაშვილი ფოტოზე არჩილ ტატუნაშვილი

მცხეთის სასამართლომ არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და მის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალდებულებს - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

არჩილ ტატუნაშვილის მამის, გივი ტატუნაშვილის განცხადებით, უკეთესი იქნებოდა, რომ ისინი დაპატიმრებული იყვნენ.

პატიმრობის შეფარდების შემდეგ საქართველოს პროკურატურა გურწიევსა და ტაბოევზე ძებნას გამოაცხადებს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი პერიოდულად დადიოდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე, სადაც ეწეოდა მცირე სამეწარმეო საქმიანობას. 2018 წლის 20 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მან დატოვა ზემოხსენებული ტერიტორია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის აგვისტოში, რის გამოც გადაწყვიტეს მისი დასჯა და წამება.

„2018 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, იოსებ პავლიაშვილი და ლევან ქუტაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდნენ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე, სადაც არჩილ ტატუნაშვილის კუთვნილი ავტომანქანით და ლევან ქუტაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით შეიტანეს ხილ-ბოსტნეული. აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის და გადაწყვიტეს, რომ არჩილ ტატუნაშვილისთვის უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება, მიეყვანათ მათთვის ხელსაყრელ ადგილზე და ეწამებინათ.

მიზნის მისაღწევად, 2018 წლის 22 თებერვალს, ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნთან, არჩილ ტატუნაშვილს, იოსებ პავლიაშვილს და ლევან ქუტაშვილს ოკუპირებული ახალგორის ე.წ პროკურატურის პროკურორის თანაშემწემ დავით გურწიევმა, ოკუპირებული ახალგორის ე.წ „КГБ“-ს სამსახურის განყოფილების უფროსმა ალიკ ტაბოევმა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშრომლებმა ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ჯერ არჩილ ტატუნაშვილი, ხოლო მოგვიანებით - იოსებ პავლიაშვილი და ლევან ქუტაშვილი გადაიყვანეს ახალგორის რაიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში, სადაც არჩილ ტატუნაშვილს დაადეს ხელბორკილი და წამების მიზნით, გადასცეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს შეიარაღებულ თანამშრომლებს, რომლებმაც იგი წაიყვანეს ცხინვალში.

არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალში გადაყვანამდე ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დროებით გაათავისუფლეს, თუმცა შემდგომ კვლავ აღუკვეთეს თავისუფლება.

ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მოგვიანებით არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.

ვინაიდან, ბრალდებულები დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი თავს არიდებენ სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებას, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ (თავისუფლების უკანონო აღკვეთა - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ) და 25-1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (წამებაში დახმარება, ჩადენილი ჯგუფურად, დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ).

 

ამ თემაზე:

ხელისუფლება ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგისთვის სარჩელს ამზადებს - მინისტრი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]