„ვადასტურებ, რომ მოლა ფაზლულა, პაკისტანის თალიბანის ლიდერი, 14 ივნისს, მოკლული იქნა ერთობლივი საჰაერო ოპერაციის დროს ქუნარის პროვინციაში“, - ციტირებს ავღანეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივნის მოჰამად რადმანიშის კომენტარს სააგენტო „როიტერი“.
პაკისტანის თალიბანმა მოლა ფაზლულა ლიდერად 2013 წელს აირჩია მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავის იერიშის შედეგად წინა ლიდერი, ჰაკიმულა მეჰსუდი მოკლეს.
ფაზლულა როგორც ისლამისტი ლიდერი და თალიბების მთავარი იდეოლოგი დაახლოებით 10 წლის წინ, პაკისტანში, სვატის ხეობაში გამოჩნდა. ის ცნობილი იყო მეტსახელით „მოლა რადიო“, რადგან რადიო დაარსა, რომელსაც თავისი ქადაგების და აგიტაცია-პროპაგანდის გასავრცელებლად იყენებდა.
მოლა ფაზლულა ერთ-ერთი ყველაზე ძებნილი პაკისტანელი თალიბი იყო. ცნობილი გახდა 2014 წელს, სკოლაზე განხორციელებული თავდასხმით, რომელმაც 132 ბავშვი იმსხვერპლა. მიიჩნევა, რომ 2012 წელს, მისი ბრძანებით ესროლეს 15 წლის მოსწავლე გოგონას - მალალა იუსაფზაის.