„პარლამენტში დიდი ხანია შემუშავებულია კანონპროექტი - სამხრეთ ოსეთის საკუთარი სია, რომელსაც პირობითად ეწოდება ქართველების მიერ 1992 წელს სასტიკად მოკლული გრიგორი სანაკოევის სახელი. სია აუცილებლად შეიქმნება და მასში მოხვდებიან საქართველოს, სომხეთის, უკრაინის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სამხრეთ ოსეთის გენოციდში, ყოველ შემთხვევაში, 2008 წლის აგვისტოში“, - განაცხადა გასიევმა სააგენტო „სპუტნკთან“ ინტერვიუში.
დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ სია გულისხმობს მასში მოხვედრილი პირების მიმართ ყველა შესაძლო სანქციის დაწესებას, მათ შორის შეეცდებიან ინტერპოლის საშუალებითაც იმოქმედონ.
საქართველოს მთავრობამ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ დადგენილება პარლამენტს 26 ივნისს წარუდგინა. სიაში ის პირები შეიყვანეს, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. ამ დროისთვის სიაში 33 პირია. სიის გამოქვეყნების შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაადანაშაულა დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებაში, რომელსაც შეუძლია მთლიანად დაანგრიოს ჟენევის დისკუსიის მუშაობა.